"არ ცნობენ დანაშაულად, ამბობენ რომ პატრიოტული მოტივით ჩაიდინეს" - პროკურორი პაატა ბურჭულაძესა და მასთან ერთად დაკავებულებზე
4 ოქტომბრის საქმის პროკურორის, თამარ ბეჟუაშვილის თქმით, დაკავებულები - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე ფაქტობრივ გარემოებებს არ უარყოფენ, თუმცა ჩადენილს დანაშაულად არ ცნობენ და პატრიოტული მოტივით ხსნიან.
პროკურორი ირწმუნება, რომ სისხლის სამართლის საქმეში არსებობს საჯარო განცხადებების გარდა, რაც არაერთი პირდაპირი მტკიცებულება არსებობს, რომელიც ხუთივე ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენას ადასტურებს.
სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ის ფაქტობრივი და ფორმალური საფუძვლები, რაზეც აპელირებდა ბრალდების მხარე და ხუთივე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით განუსაზღვრა პატიმრობა. ჩვენ პირდაპირ ეთერში ვიხილეთ ბრალდებულების მოწოდებები და მათ შორის, მათი აქტიური ქმედებები დანაშაულის ჩადენის დროს. პრინციპში, არცერთი ბრალდებული არ უარყოფდა იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რაც ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ ტელევიზიით, თუმცა ამ ყველაფერს ისინი არ ცნობდნენ დანაშაულად და ამბობდნენ, რომ ეს მათ ჩაიდინეს მხოლოდ და მხოლოდ, პატრიოტული მოტივით. თავად ფაქტობრივ გარემოებებს და ქმედებებს სადავოდ არ ხდიან და აცხადებენ, რომ კი, ნამდვილად, მათ მიერ მოხდა აღნიშნული ქმედების განხორციელება და ჩადენა. საბოლოოდ, ამ ყველაფერს სასამართლო შეაფასებს.
სისხლის სამართლის საქმეზე არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა. გარდა საჯარო განცხადებებისა და იმ ვებგვერდების დათვალიერების ოქმებისა, რითაც დასტურდება თვალნათლივ პირთა მიერ დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა, საქმეში მოიპოვება მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, რომლებმაც ფიზიკური ტკივილი განიცადეს და დაზარალდნენ ბრალდებულთა მიერ ჩადენილი ქმედებებით. არსებობს სხვადასხვა სახის დათვალიერების ოქმები. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ამოღებული ნივთმტკიცებულებები, ექსპერტების დასკვნები. სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა, რითაც დასტურდება მიყენებული ზიანის ოდენობა. ამდენად სისხლის სამართლის საქმეში არსებობს გარდა ამ საჯარო განცხადებებისა, რაც ჩვენ ყველამ ერთად ვნახეთ, მტკიცებულებათა ერთობლიობა და ეს გახლავთ არაერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს ხუთივე ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენას. ამ ეტაპზე, საქმეში დევს სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა, რა თქმა უნდა, სრულად არ არის ნივთმტკიცებების დაზიანებით გამოწვეული ოდენობა და ზარალი, თუმცა დიახ, დათვლილია და ცდება რამდენიმე ათეულ ათას ლარს. ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. თუკი გამოჩნდება რაიმე სახის კავშირი ნებისმიერ სხვა სისხლის სამართლის საქმესთან, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“,- განაცხადა პროკურორმა.
მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორებს – პაატა ბურჭულაძეს, ირაკლი ნადირაძეს, მურთაზ ზოდელავას, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს პატიმრობა შეუფარდა.
ბურჭულაძეს, ზოდელავასა და ნადირაძეს ბრალად ედებათ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირების მცდელობა ჯგუფურად, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მოწოდება კონსტიტუციური წყობილების შეცვლისკენ.
პაატა მანჯგალაძეს ბრალად ედება ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხოლო ლაშა ბერიძეს - სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირების მცდელობა ჯგუფურად და ჯგუფური ძალადობის ორგანიზება.