ოპოზიცია: სახდეპის განცხადებამ „ოცნების“ პროპაგანდა ამხილა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელმაც „ქართული ოცნება“ ტყუილში ამხილა, ოპოზიცია მწვავედ აფასებს.
„ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ "ოცნების" ხელისუფლება მიზანმიმართულად ცდილობს დეზინფორმაციით საზოგადოებაზე ზეგავლენას, თუმცა ეს დასავლეთის ყურადღების მიღმა არ დარჩება.
მისი თქმით, დასავლეთის პარტნიორებს სრულად აქვთ ინფორმაცია ივანიშვილის გუნდის წარმომადგენელთა მიერ გაკეთებული განცხადებების შესახებ და ეს მათ უარყოფით შედეგებს მოუტანს.
ის, რაც მათ ჰგონიათ, რომ მხოლოდ პროპაგანდისტული მიზნებით ხორციელდება, რომ იქნებ ადამიანებს გონება აურიონ, დარჩება ყურადღების მიღმა, ეს ასე არ არის. ჩვენ ვნახეთ, რომ მერცის გვერდით იჯდა კობახიძე და ორი სიტყვაც ვერ დაიმსახურა კანცლერი მერცისგან, იმიტომ, რომ გერმანიის მხარისთვის ცნობილია ის განცადებები, რასაც აკეთებენ კობახიძე, პაპუაშვილი და ა.შ., აშშ-ს მიმართ გაკეთებული განცხადებები, რა თქმა უნდა, ცნობილია ჩვენი უახლოესი სტრატეგიული პარტნიორისთვის და ცხადია, რომ ეს განცხადებები მათ არ შერჩებათ, იმიტომ, რომ ეს ქვეყნები არიან ჩვენი ხალხის მეგობრები, ჩვენი სახელმწიფოს მეგობრები, მაგრამ მათდამი მტრულად განწყობილ პოლიტიკურ ძალას და მის წარმომადგენლებს, რასაც "ქართული ოცნება", მისი სპიკერები წარმოადგენენ, ისინი საკადრის მიუზღვავენ აცილებლად, - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.
კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრის, გიგა ლემონჯავას შეფასებით, ვიდრე საქართველო „მიტაცებული სახელმწიფოა“ და ქვეყანაში „80-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარია“, დასავლეთთან ურთიერთობების ნორმალიზება ვერ მოხდება.
მანამ, სანამ სახელმწიფო არის მიტაცებული საქართველოში, სანამ ადამიანებს აწამებენ, სანამ 80-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი გვყავს ქვეყანაში, სანამ სასამართლო ხელისუფლება მიტაცებულია და რაც მთავარია, სანამ ახალ, თავისუფალ და სამართლიანი არჩევნებს არ ჩატარდება საქართველოში, იქამდე ურთიერთობების ნორმალიზება არც აშშ-თან, არც ევროკავშირის ქვეყნებთან და ევროკავშირის ინსტიტუტებთან არ მოხდება. ეს არის ფაქტობრივი მოცემულობა. ივანიშვილს უნდა, რომ დასავლეთი თავისი დიქტატორული, ავტორიტარლი პირობებით წამოიყვანოს რაღაც დიალოგზე, ეს არის შეუძლებელი, - ამბობს გიგა ლემონჯავა.
"თავისუფლების მოედნის" წევრი ბაკურ კვაშილავა კი აღნიშნავს, რომ „ტაილანდიდან ფულის გადმორიცხვის“ შესახებ ხელისუფლების განცხადება შეგნებული სიცრუე იყო, რათა ამომრჩეველი შეცდომაში შეეყვანათ.
ყველაზე მთავარი ამ სისულელეში არის ის, რომ ყოველთვის ბანგკოკიდან იგზავნებოდა თანხა და ნაწილდებოდა ამერიკის ყველა საელჩოში ყველა გრანტიორზე მათ შორის საქართველოს სახელმწიფოზე. ანუ სხვა სიტყვებით, საქართველოს მთავრობა ამერიკის დახმარებას ღებულობდა ბანგკოკიდან. ეს არ შეიძლება, რომ არ სცოდნოდა მდინარაძეს, რომელიც უკვე სუსი უფროსია, კობახიძეს ან ნებისმიერ იმ ფუნქციონერს, რომელიც "ქართლ ოცნებას" წარმოადგენს. ანუ მიზანმიმართულად თავიანთი ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანა იყო მთავარი მიზანი, - ამბობს ბაკურ კვაშილავა.
სუსის უფროსმა მამუკა მდინარაძემ 2025 წლის პირველ ოქტომბერს განაცხადა, რომ ტაილანდიდან ერთ-ერთი დიდი ქვეყნის საელჩოს „ანტიჩინური მიზნებისათვის დაფინანსებული ადამიანები ჰყავს საქართველოში“ და „დაახლოებით 95-98% შემთხვევაში ეს თანხა ხმარდება ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ რადიკალებს, რევოლუციურ მიზნებს, სხვადასხვა პერფორმანსებს, დადგმებს“.
ამის შემდეგ საქართველოს ელჩი შეერთებულ შტატებში, თამარ ტალიაშვილი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში დაიბარეს და „ღრმა შეშფოთება“ გამოხატეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლების ბრალდებების გამო, რომლებიც „ტაილანდიდან რევოლუციის დაფინანსებას“ უკავშირდება.
უკვე გუშინ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ მათ საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირების მიერ გაჟღერებული დეზინფორმაციის გასაპროტესტებლად, აშშ-ში საქართველოს ელჩ, თამარ ტალიაშვილთან შეხვედრა მოითხოვეს.
სახდეპში გამოცემა "ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ "ოცნების" წარმომადგენლების მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია "არასწორად წარმოაჩენდა აშშ-ის მთავრობის მიერ ყოფილი თანამშრომლებისთვის განხორციელებულ რუტინულ ფინანსურ გადარიცხვებს."