ირაკლი კობახიძე დაუპირისპირდა EPP-ს, რომელიც ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვს

08.10.25 14:38
ირაკლი კობახიძე დაუპირისპირდა EPP-ს, რომელიც ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვს

"ქართული ოცნების" პრემიერი "ევროპის სახალხო პარტიას მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც  EPP-მ ევროკავშირს მოუწოდა, სანქციები დაუწესოს ბიძინა ივანიშვილს და იმ ადამიანებს, რომლებიც მონაწილეობენ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დარღვევაში საქართველოში.

ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტში ყველაზე დიდი პარტია გააკრიტიკა და თქვა, რომ "ევროკავშირში შექმნილ ტრაგიკულ პოლიტიკურ ვითარებას ყველაზე ცხადად ევროპის სახალხო პარტიის  დღევანდელი განცხადება ადასტურებს". 

მისივე თქმით, EPP არის ყველაზე მსხვილი ევროპული პარტია და EPP-ის წევრია „ნაციონალური მოძრაობაც“

„შეგახსენებთ, რომ EPP არის ყველაზე მსხვილი ევროპული პარტია, რომელიც ყველაზე მეტ ევროპულ მმართველ პარტიას აერთიანებს. იმასაც შეგახსენებთ, რომ EPP-ის წევრია „ნაციონალური მოძრაობაც“, რომელმაც საქართველოში სისხლიანი ავტორიტარული რეჟიმი დაამყარა და 9 წლის განმავლობაში დემოკრატიის, სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ტოტალური ხელყოფით „გამოიჩინა“ თავი. იმ ფონზე, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და სხვა რადიკალურმა ოპოზიციურმა ძალებმა ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების დამხობა სცადეს და არაერთ პოლიციელს უმძიმესი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რომელთაგან ორი სიკვდილს ღმერთის წყალობით გადაურჩა. ევროპის სახალხო პარტია არა მოძალადეებისა და ქართული დემოკრატიის მტრების, არამედ ბიძინა ივანიშვილის და მმართველი გუნდის სხვა ლიდერების სანქცირებას ითხოვს. EPP-ის ეს განცხადება ქართულ საზოგადოებას საუკეთესოდ ეხმარება იმის გააზრებაში, თუ რა უბედურებამდე მიიყვანა ევროკავშირი სუვერენიტეტის დაკარგვამ და გარედან მართულმა ევროპულმა ბიუროკრატიამ,“- განაცხადა პრემიერმა.

ქართველი ხალხი დემოკრატიას იმსახურებს და არა ავტოკრატიას - მათ ევროპასთან ინტეგრაცია სურთ და არა იზოლაცია, - ამის შესახებ განცხადებას „ევროპის სახალხო პარტია“ (EPP) ავრცელებს.

 „ევროპის სახალხო პარტია“ „ევროკავშირს მოუწოდებს, სანქციები დააწესოს მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოში კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებს ძირს უთხრის“.

მსგავსი სიახლეები