კობახიძე არ გამორიცხავს, გაფართოვდეს იმ ჩინოვნიკების რიცხვი, ვისაც დიპლომატიური პასპორტები გაუუქმდათ
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ შესაძლოა დიპლომატიური პასპორტების გაუქმება კიდევ უფრო მეტ ჩინოვნიკს შეეხოს, თუმცა აღნიშნა, რომ ეს საკითხი "საერთოდ არ აინტერესებთ“. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
მისი მტკიცებით, "ოცნების" მთავრობა „თავისუფლებისთვის იბრძვის“, ხოლო ვიზებთან დაკავშირებული საკითხები „მეორეხარისხოვანია“.
"ოცნების" ლიდერმა ასევე ევროკავშირი "არაპრაგმატულ გადაწყვეტილებებში" დაადანაშაულა და ირწმუნებოდა, რომ ევროპელი ლიდერები "ქართველი ხალხის არჩევანის გამო არიან გაღიზიანებულები".
ევროპული ბიუროკრატია არის გაღიზიანებული, პირველ რიგში, ქართველ ხალხზე, მაგრამ არ მგონია, ასეთი სისულელე გააკეთონ, რომ ქართველი ხალხი დასაჯონ საკთარი პოლიტიკური არჩევანის გამო. მემგონი, ასეთ არაპრაგმატულ ნაბიჯს არ გადადგამენ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი არამეგობრული ნაბიჯი გადაუდგამთ აქამდეც. როცა გამოდის ევროკავშირის პრესსპიკერი და პირდაპირ მხარს უჭერს პაატა ბურჭულაძის მიერ გამოცხადებულ დამხობის მცდელობას, თქვენ ხედავთ, რამხელა აბსურდშია შესული ევროპლი ბიროკრატია. მე მაინც მეეჭვება, რომ გაღიზიანების მიუხედავად, ძალიან აღიზიანებთ მათ ქართველი ხალხი, მისი არჩევანი, მისი ბრძოლა მშვიდობისთვის და თავისუფლებისთვის, მაგრამ ამ ფონზეც კი, მე არ მგონია, რომ ასეთი არაპრაგმატული ნაბიჯი გადადგან და სცადონ ქართველი ხალხის დასჯა ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით.
ჩვენ ვაკეთებთ, ზოგადად, ყველაფერს ევროინტერგაციისთვის. მათ შორის ასოცირების შეთანხმების შესრულება, ყველა იმ რეფორმების გატარება. საქართველო არის ნომერ პირველი ქვეყანა კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველა მიმართულებით. ეს არის ჩვენ რასაც ვაკეთებთ დანარჩენი, ვნახოთ რამდენად პრაგმატული იქნება ევროკავშირის დამოკიდებულება. თუ იქნება პრაგმატული, ამ შემთხვევაში, 2030 წელს ჩვენ გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა.
ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიცით, რომ დიპლომატიურ პასპორტებზე გაავრცელეს ასეთი შეზღუდვა. თუ გააფართოებენ, ჩვენ საერთოდ არ გვაინტერესებს ეს ყველაფერი. ჩვენ ვიბრძით თავისუფლებისთვის. როცა თავისუფლებისთვის იბრძვი, იქ რაღაც ვიზების რიგში ჩადგომა მეათე ხარისხოვანი საკითხია, - ამბობს კობახიძე.