ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ საქართველოს ელჩი ამერიკის სახელმწიფო დეპარტმანტში იმყოფებოდა. მან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია კონკრეტულ ეჭვებს ეფუძნებოდა, რომლებიც საბოლოოდ არ დადასტურდა.
კობახიძე ამტკიცებს, რომ ელჩი თამარ ტალიაშვილი სახელმწიფო დეპარტამენტში დაბარებული არ ყოფილა, არამედ მასთან შეხვედრა მხოლოდ „სთხოვეს“. "ოცნების" პრემიერის თქმით, ხელისუფლებას ამერიკელ პარტნიორებთან გულწრფელი დიალოგი სურს, მიუხედავად იმისა, რომ მისი მტკიცებით, წარსულში ზოგიერთი უცხოური ორგანიზაცია საქართველოში ექსტრემისტული ჯგუფების დაფინანსებაში მონაწილეობდა.
მთავრობის მეთაურმა ასევე მოუწოდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, მკაფიოდ დაგმოს საქართველოს ხელისუფლების „დამხობის მცდელობა“ და ამით დაადასტუროს, რომ ქვეყნის შიდა პროცესებში ჩარევის ინტერესი არ გააჩნია.
დიპლომატიური ზომა - დაბარება არ ყოფილა გამოყენებული. ჩვენ ხომ ვიცით ეს ჩვენი ელჩისგან, რომ დაბარება გამოყენებული არ ყოფილა, მას სთხოვეს შეხვედრა სახელმწიფო დეპარტამენტში.
ჩემი მოწოდებაა სახელმწიფო დეპარტამენტის მიმართ, დაგმოს მკაფიოდ ხელისუფლების დამხობის მცდელობა და ამით ქმედითად დაამტკიცოს ქართველი ხალხის წინაშე, რომ ასეთი ინტერესები ჩვენი ქვეყნის მიმართ არ აქვს სახელმწიფო დეპარტამენტს, ეს არის ჩვენი მოწოდება. დანარჩენზე ყველამ გამოიტანოს საკუთარი დასკვნები.
გავრცელებული ინფორმაციები, რომლებიც გავრცელდა მედიით, და არა ხელისუფლების მიერ, ეფუძნებოდა კონკრეტულ ეჭვებს. მაგალითად, პენსიების გამოყენებაზე აქციების დაფინანსებისთვის, რაც საბოლოოდ, მე ვფიქრობ, რომ არ დასტურდება, რომ ეს საპენსიო გადარიცხვები ემსახურებოდა არეულობის დაფინანსებას, კონკრეტულად, ეს გადარიცხვები. თუმცა, არსებობს სხვა თემები, რასთან დაკავშირებითაც არსებობს ეჭვები. ეჭვებზე დაყრდნობითაც ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა.
წინა ადმინისტრაციის პირობებში, კონკრეტული ორგანიზაციები პირდაპირ იყვნენ ჩართული საქართველოში ექსტემისტული ჯგუფების დაფინანსებაში, ეს იყო მაგალითად USAID და NED, რაც აკრძალა შემდეგ პრეზიდენტმა ტრამპა. ახლა არის ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტულმა სუბიექტებმა გადაიბარეს ის პროცესები, რაც მანამდე იყო დაწყებული. ამაზე გულწრფელად ვესაუბრებით ჩვენს პარტნიორებს როგორც ევროპაში, ისე ამერიკაში". - თქვა კობახიძემ.
1 ოქტომბერს სუსის უფროსმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, თითქოს ტაილანდიდან ერთ-ერთი დიდი ქვეყნის საელჩო საქართველოში ანტიჩინური მიზნებისთვის რადიკალებს აფინანსებს.
მალევე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ამ განცხადებებს დეზინფორმაცია უწოდა და საქართველოს ელჩთან თამარ ტალიაშვილთან შეხვედრა მოითხოვა. უწყებამ განმარტა, რომ საუბარი იყო ჩვეულებრივ ფინანსურ ტრანზაქციებზე, რომლებიც არანაირად არ უკავშირდებოდა. არეულობის დაფინანსებას.