რეჟიმი, რომელიც აკავებს და სცემს ადამიანებს, უნდა დაისაჯოს - იუკნევიჩიანე

08.10.25 15:52
რეჟიმი, რომელიც აკავებს და სცემს ადამიანებს, უნდა დაისაჯოს - იუკნევიჩიანე

 

 

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე აცხადებს, რომ არ უჭერს მხარს უვიზო რეჟიმის შეჩერებას მთელი საქართველოს მოსახლეობისთვის, რადგან ბევრ მოქალაქეს სურს ევროპული მომავალი და არ უნდა, რომ მათ დამატებითი სირთულეები შეუქმნან.

მისი თქმით, შეზღუდვები უნდა შეეხოს მხოლოდ იმ პირებსა და სტრუქტურებს, რომლებიც ხალხის ცემასა და ძალადობაში მონაწილეობენ, მათ შორის პოლიტიკოსებსა და მოსამართლეებს, რომლებიც არღვევენ ევროპულ ღირებულებებს.

იუკნევიჩიანე აღნიშნავს, რომ თუ "ოცნების" ხელისუფლება ევროკავშირსა და მის წარმომადგენლებს თავს ესხმის, ეს აღარ არის პარტნიორული ურთიერთობა და მსგავსი დამოკიდებულების ფონზე ევროკავშირს უფლება აქვს, იმოქმედოს უფრო მკაცრად.

პირადად მე, არ ვარ მომხრე უვიზო რეჟიმის შეჩერებისა მთელი მოსახლეობისთვის, რადგან უამრავი ადამიანი იბრძვის ქუჩაში და არ გვინდა, რომ ამ ადამიანებს პრობლემები შევუქმნათ, იმ ადამიანებს, რომლებიც ევროპული საქართველოსთვის იბრძვიან, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც აკავებენ და სცემენ ადამიანებს, ეს რეჟიმი, რომელსაც არაფერი აკავშირებს ევროპულ ღირებულებებთან, პოლიტიკოსები და მოსამართლეები უნდა დაისაჯონ. ეს არ არის დასჯა, უვიზო რეჟიმი არ არის სასჯელი, ეს არის ვალდებულებების შესრულება, რომელსაც ერთი ქვეყანა მეორე ქვეყნის მიმართ იღებს. თუ ქვეყნებს შორის აღარ არის კარი ურთიერთობა და ევროკავშირს ადანაშაულებენ, ელჩებს თავს ესხმიან, მაშინ რა არის ეს? ეს არ არის კარგი ურთიერთობა. "ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა, რომ ომი გამოუცხადოს ევროკავშირს. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ მათ სძულთ ევროკავშირი, ამ ადამიანებმა აღარ უნდა მიიღონ უვიზო რეჟიმით გამოწვეული სიამოვნება. თუ შენ გძულს ევროკავშირი, ევროკავშირის ცხოვრების სტილი, ჩვენი პოლიტიკოსები და მათ თავს ესხმი, მაშინ შენ აქ არ მოგესალმებით, - განაცხადა რასა იუკნევიჩიანემ. 

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გამარტივებას - გადაწყვეტილებას 518 ევროდეპუტატი დაეთანხმა, 96 წინააღმდეგი იყო, 24-მა თავი შეიკავა. საბოლოო კენჭისყრა ევროკავშირის საბჭოში 17 ნოემბერს გაიმართება, ხოლო ახალი წესების ამოქმედება დეკემბრიდანაა მოსალოდნელი. 

მსგავსი სიახლეები