"ჩემთვის ყველაზე სევდიანი კადრია, მარტო მდგარი ზოდელავა და ნადირაძე" - რეზო კიკნაძე
"ჩემთვის მართლაც ყველაზე სევდიანი კადრია იმ დღის მარტო მდგარი ზოდელავა და ნადირაძე"- ამის შესახებ სინდისის პატიმარი, რეზო კიკნაძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს.
სტუდენტი, რომელიც პროევროპული აქციების დროს დააკავეს, რიგი პოლიტიკოსების კრიტიკას ეხმაურება, რომლებიც TV პირველს კითხვის [სად იყვნენ თანაპარტიელები ლიდერების დაკავების მომენტში] დასმის გამო ლანძღავენ.
სინდისის პატიმარი, რეპორტაჟის ავტორს სოლიდარობას უცხადებს და კრიტიკოსებს ახსენებს, რომ ჟურნალისტის მოვალეობა, კითხვის დასმაა.
გუშინ გრიგოლიას გადაცემიდან მოგვესმა-ნანუკა ქაჯაიაზე საყვედურები იწერება სოც. ქსელებში, აბულინგებენ, როგორ თუ კითხვები დასვაო? და თქვენ ხომ კარგად ხართ?
მეც, მინდიაც და ჯავახაც ძალიან აღვშფოთდით.
ჯერ ერთი, მიუხედავად იმისა, რომ თავად მე მაგ საქმის განხილვა პრიორიტეტად არ მიმაჩნია და ქოცების წისქვილზე დასხმულ წყალზე ზემოდან კიდე წყლის დამატება მგონია — ის ჟურნალისტია, მისი უშუალო მოვალეობაა და აუცილებელიც კია დასვას მსგავსი შეკითხვები.
მეორეც, ჩემთვის მართლაც ყველაზე სევდიანი კადრია იმ დღის მარტო მდგარი ზოდელავა და ნადირაძე.
და მესამეც — ვინც ნანუკას მიმართ შხამს აფრქვევთ, დარწმუნებული ვარ, ნანუკაზე მეტად არც ერთს არ გიყვართ სამშობლო.
ერთ რაღაცას გავიხსენებ:სანამ დამიჭერდნენ, ტელევიზორს საერთოდ არ ვუყურებდი და ამ ახალი თაობიდან ერთი ჟურნალისტიც კი არ ვიცოდი, შესაბამისად არც ნანუკა. მაგრამ როგორც კი TV პირველი ჩავრთეთ აქ პირველად, ნანუკაზე ვთქვი — ვახ, ეს მეცნობა თქო.
და საიდან მეცნობა, იცით?ნოემბერ-დეკემბრის აქციებზე უკლებრივ ყველა დარბევას ლაივში მოვესწარი, დაჭერამდე, და ეპიცენტრში ყოველთვის ვხედავდი ამ გოგონას — სულ ყველაზე ცხელ წერტილებში მიდიოდა. ჩემთვის იქცა უშიშრის მაგალითად და აქციის მონაწილეებიც გადაურჩენია, როცა პოლიციელებისთვის უთქვამს: ეს ადამიანი ნუ მიგყავთ, ოპერატორიაო ან ჟურნალისტიო გთხოვთ, ერთმანეთს მაინც ნუ დავჭამთ, რა. პირიქით — გავამხნევოთ და გავაძლიეროთ.
თქვენ ვერ წარმოიდგენთ, გუშინ როგორ გამიხარდა — პროვოკატორებმა გუშინ ოთხჯერ რომ სცადეს სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებით გზის გახსნა, ოთხივეჯერ უკან გააბრუნეთ. მიყვარხართ და მეამაყებით ძალიან.
P.S. — ჰო, კიდევ თორნიკე რაზმაძის ცრემლები პირდაპირ ეთერში იყო ჩემთვის ჯურღმულში ამონათებული ის მბჟუტავი შუქი, რაც იმედს მაძლებს, რომ გადავრჩებით.
თორნიკე, ძალიან მაგარი ადამიანი ხარ.
და როცა ვხედავ ხალხს, ვისაც შენსავით შეტკივა გული სამშობლოზე — ეგ არის ხოლმე მოტივაცია ჩემთვის.
წერილის მიწერასაც ვაპირებდი, მაგრამ აქ დაწერა ვარჩიე და იმედია, წაიკითხავს"- წერს კიკნაძე.