"სტალინური ტოტალიტარიზმი" - გია ბუღაძე პაპუაშვილის განცხადებაზე
"სტალინური ტოტალირიზმი" - ასე აფასებს მხატვარი გია ბუღაძე შალვა პაპუაშვილის დღევანდელ განცხადებას. მისი თქმით, "ოცნების" ხელისუფლების მიზანია, საზოგადოებაში შიში და თვითცენზურა დაამკვიდროს.
ბუღაძის აზრით, ივანიშვილის გუნდის ლიდერის მიერ ათასობით მომიტინგის „მოღალატეებად“ გამოცხადება ტოტალიტარული მმართველობის ყველა ნიშანს ატარებს და მოწმობს, რომ ხელისუფლება პროტესტის ნებისმიერ ფორმას ქვეყნის წინააღმდეგ ქმედებად წარმოაჩენს.
ეს არის ტიპიური სტალინური ტოტალირიზმი, რომელსაც მხოლოდ ერთი რამე აქვს: რაც შეიძლება მეტი ადამიანი დააშინოს, ჩააგდოს ციხეში, დააპატიმროს და რა თქმა უნდა, თვითცენზურა აამუშავოს. თვითცენზურა ყველაზე საშინელი რამეა, რაც შეიძლება, ადამიანს ჰქონდეს დღეს და სწორედ ამას აკეთებენ. 100 ათას კაცზე მეტი იქ არის და თუ სულყველა ქვეყნის მოღალატეა, მაშინ შენ ვინ ხარ, როცა ამას ამბობ? შენ თვითონ უარჰყავი ქვეყნის კონსტიტუცია, თვითონ უარჰყავი ორიენტაცია ამ ქვეყნისა, რომელიც იყო პროდასავლური და შენ ხარ მოღალატე, ამ შემთხვევაში, ვიღაც პაპუაშვილო! როდესაც 100 ათას კაცზე მეტი გამოდის და პროტესტი აქვს შენს მიმართ, რომ ჩამოშორდა საქართველოს ძირითადი იდეალი და მიმართულება, რა თქმა უნდა, ეს არის ტოტალიტარიზმის ყველა ნიშანი, - ამბობს გია ბუღაძე.
შალვა პაპუაშვილმა 4 ოქტომბერს აქციის მონაწილეები "მოღალატეებად" გამოაცხადა - "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე "პირველი არხის" ეთერში ირწმუნებოდა, რომ 4 ოქტომბერს "რამდენიმე ათასი ადამიანისგან სახელმწიფოს ღალატის კოლექტიური აქტი შედგა".
ივანიშვილის პარტიის ლიდერი აღნიშნავს, რომ პროტესტში მყოფი ადამიანები ქუჩაში "ქვეყნის სამტროდ გამოდიან".