"ეს ისტორიულად, პოლიტიკურად და მორალურად არასწორია" - გერმანიის ელჩის პასუხი კობახიძეს
"გერმანია ეწინააღმდეგება ნაცისტურ გერმანიასთან დაკავშირებული ტერმინებისა და შედარებების გამოყენებას" - ასე პასუხობს გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც ევროპა გებელსის პერიოდს შეადარა.
ფიშერის თქმით, ეს განცხადება, რომელცი დღეს "ოცნების" პრემიერმა გააკეთა ისტორიულად, პოლიტიკურად და მორალურად არასწორია.
“ვიმეორებ იმას, რაც აქამდეც მითქვამს: გერმანია ეწინააღმდეგება ნაცისტურ გერმანიასთან დაკავშირებული ტერმინებისა და შედარებების გამოყენებას, რომლებიც ისტორიულად, პოლიტიკურად და მორალურად არასწორია, ვინაიდან მსხვერპლს აკნინებენ და ცრუ დასკვნებს აჩენენ" - წერს გერმანიის ელჩი X-ზე.
ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ევროპასა და გებელსის პერიოდის ევროპას შორის ტოლობის ნიშანი დასვა და ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე ირწმუნებოდა, რომ ევროპაში დღეს 80 წლის წინანდელი, გებელსისეული პროპაგანდაა გაბატონებული - "ევროპა, როგორც ასეთი, არ არის პანაცეა, ევროპა იყო ბატონი გებელსიც, რომელიც ასეთი ტიპის პროპაგანდით გამოირჩეოდა".