რა ჩანაფიქრი აქვს "ოცნებას"? - სალომე სამადაშვილის მოსაზრება
"სანამ საინფორმაციო, შიდა ომია გაჩაღებული ივანიშვილის მოწინააღმდეგეთა ბანაკში, სწრაფი ნაბიჯებით ხდება საქართველოს ბელარუსიზაციის დამასრულებელი ფაზის მზადება" - ამის შესახებ "ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, "მოქალაქე, როგორც ამომრჩეველი, განაიარაღა რუსეთმა". ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ საქართველოს ამომრჩევლის დიდმა ნაწილმა დაიჯერა, რომ "ოცნების" პირობებში, არჩევნებში მონაწილეობას აზრი არა აქვს და ბოიკოტის შემდეგ ამომრჩევლის დაბრუნება არჩევნებზე, ფუნდამენტურად თუ რამე არ შეიცვალა, იქნება ურთულესი.
სალომე სამადაშვილის განმარტებით, ამ ვითარებას "რეჟიმი დასავლეთის ოფიციალურად მტრად გამოსაცხადებლად და ავტოკრატიის კიდევ უფრო გასამყარებლად" გამოიყენებს.
სანამ საინფორმაციო, შიდა ომია გაჩაღებული ივანიშვილის მოწინააღმდეგეთა ბანაკში, სწრაფი ნაბიჯებით ხდება საქართველოს ბელარუსიზაციის დამასრულებელი ფაზის მზადება. მოდით მშვიდად, "ბრალეულობის" ძებნის გარეშე ავღწეროთ, სადაა საქართველო დღეს.
ფაქტია, რომ მოქალაქე, როგორც ამომრჩეველი, განაიარაღა რუსეთმა-საქართველოს ამომრჩევლის დიდმა ნაწილმა დაიჯერა, რომ "ქართული ოცნების" პირობებში, არჩევნებში მონაწილეობას აზრი არა აქვს. ამ ბრძოლის ველზე მოწინააღმდეგე, საქართველოს ამომრჩევლის სახით, ვინც რუსეთს მხარს არ უჭერს, სრულად განეიტრალებული თუ არა, საგრძნობლად დასუსტებულია. ბოიკოტის შემდეგ ამომრჩევლის დაბრუნება არჩევნებზე, ფუნდამენტურად თუ რამე არ შეიცვალა, იქნება ურთულესი.
4 ოქტომბერს რუსეთმა დაინახა, რომ მიუხედავად უამრავი ადამიანისა, რომელიც არ ეგუება რუსულ ოკუპაციას, მათთვის მხოლოდ მშვიდობიანი გზით ბრძოლაა მისაღები. ანუ, რუსეთმა იცის, სანამ თოფიანი კაცი იცავს რეჟიმს, ის მშვიდად არის. ივანიშვილის მცდელობას, რომ დასავლეთმა აღიაროს, 4 ოქტომბერს ძალადობრივი დამხობის სცენარის არსებობა და დაგმოს, არ ექნება შედეგი. მარტივი მიზეზით, თვითგამოცხადებულ პრეზიდენტს სადღაც, ვინ სად მიუვარდება, არავის ადარდებს დასავლეთში. დასავლეთისთვის ღირსება დემოკრატიაშიაა და არა ‘ულვაშში.’
რაში გამოიყენებს თქვენი აზრით ამ ვითარებას რეჟიმი? დასავლეთის ოფიციალურად მტრად გამოსაცხადებლად და ავტოკრატიის კიდევ უფრო გასამყარებლად. ამიტომ, ერთადერთი შეკითხვა, რომელიც ვინმემ უნდა დაუსვას საკუთარ თავს და სხვას, დღეიდან და გამარჯვებამდე არის: როგორ შეიძლება ქართველების უზარმარზარმა უმრავლესობამ დაამარცხოს რუსული ავტოკრატია და მისი მსახური რეჟიმი. სწრაფად თუ არ გადავედით მომავალზე ფიქრის რეჟიმზე და არა შორეულზე, არამედ ხვალ, ზეგ რას ვაკეთებთ, პირიდან ‘ევროპა-ლუკმა’ გამოცლილი უმრავლესობა, იძულებული გახდება დაემორჩილოს რუსეთს და მის მოკავშირე უმცირესობას საქართველოში," - წერს სალომე სამადაშვილი.