რატომ შეიცვალა 4 ოქტომბრის გეგმა?
რატომ შეიცვალა 4 ოქტომბრის გეგმა? - რა უნდა ყოფილიყო ოთხში და რა არ მოხდა? ვინ შეუშალა ხელი თავდაპირველ გეგმას? პასუხგაუცემელი კითხვები ოთხი ოქტომბრის მოვლენებზე. ვიდრე ორგანიზატორები ისაუბრებენ, ღიად მათი ოჯახის წევრები ლაპარაკობენ. პაატა ბურჭულაძის უკვე მეორე შვილიც პროცესში სპეცსამსახურების როლზე და ორმაგ აგენტებზე პირდაპირ საუბრობს.
შუქრი ბურჭულაძე პირველების კამერასთან ამბობს, რომ ის რაც შაბათს საღამოს ათონელის რეზიდენციასთან მოხდა, სავარაუდოდ ხელისუფლების მიერ წინასწარ დაგეგმილი სცენარის ნაწილი იყო. ეჭვებს რამდენიმე გარემოება უმყარებს, რაც მისი თქმით, ორგანიზატორთა გეგმა არ ყოფილა.
ის, რომ ათონელზე მოქალაქეებს ერთგვარი ხაფანგი დახვდათ - ეჭვობს ნადიმ ხმალაძეც. ის ერთ-ერთია ვინც 4 ოქტომბერს მშვიდობიან რევოლუციას გულშემატკივრობდა და ორგანიზატორებს მხარს უჭერდა. ხმალაძე ათონელის რეზიდენციასთან მაშინ მივიდა, როცა შეკრებილები და რეზიდენციის დაცვა ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ. ფიქრობს, რომ მოვლენები შაბათს დღის მეორე ნახევარში რუსული და ქართული სპეცსამსახურების საერთო გეგმით წარიმართა, რომლის მთავარი მიზანი მშვიდობიანი პროცესის ჩაშლა იყო.
რა მოხდა იმ ღამეს, რა იყო გეგმა, ვინ ან რამ შეუშალა ხელი მის სისრულეში მოყვანას - ეს კითხვებია, რომელიც ამ ეტაპზე პასუხებს ითხოვს. ის, რომ ჩანაფიქრი ვერ შესრულდა, ორგანიზატორებმა 4 ოქტომბრის ღამესვე ახსენეს. მინიშნებები და ოჯახის წევრების საუბარი კი აჩენს ეჭვს, რომ პროცესს ჰყავდა მონაწილე ან მონაწილეები ვინც ოცნების სასარგებლოდ მოქმედებდა - გაჰქონდა ინფორმაცია გუნდს მიღმა, მათ კი არასანდო ცნობებს აწვდიდა.
შუქრი ბურჭულაძე ამბობს, რომ არ იცის რას და როგორ გეგმავდნენ 4 ოქტომბრის ორგანიზატორები, თუმცა ზუსტად იცის, რომ გეგმა ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება იყო. ეროვნული კრების ლიდერებს ჰქონდათ სარწმუნო ინფორმაცია, რომ ხალხის შეკრების შემდეგ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტიდან სპეცრაზმელები მოქალაქეების მხარეს გადავიდოდნენ, რასაც შეუქცევადი პროცესი უნდა მოჰყოლოდა. რადგან ასე არ მოხდა, შუქრი ბურჭულაძე მათ შორისაა, ვინც ღალატზე მიანიშნებს.
დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.