"მიმიღეს ძმური სიყვარულით" - ირაკლი ნადირაძე სინდისის პატიმრების საკანში შეასახლეს

09.10.25 14:42
"მიმიღეს ძმური სიყვარულით" - ირაკლი ნადირაძე სინდისის პატიმრების საკანში შეასახლეს

ოქტომბრის აჯანყების საქმეზე დაკავებული პოლიტიკოსი, ირაკლი ნადირაძე გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში შეასახლეს. 

"პირველების" ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი სინდისის პატიმრის, რეზო კიკნაძის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის და მინდია შერვაშიძის საკანშია მოთავსებული. 

გუშინ დამაბინავეს გლდანის ციხეში, 38-ე საკანში - სინდისის პატიმრებთან - ნიკოლოზ ჯავახიშვილთან, რეზო კიკნაძესთან და მინდია შერვაშიძესთან ერთად. მიმიღეს ნამდვილი ძმური სიყვარულით - როგორც მათი ძმა და მათიანი, ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამ ბიჭებს თავდადებისთვის და მათ მშობლებს ასეთი შვილების აღზრდისთვის. აქვე მინდა მოვიკითხო ყველა პოლიტიკური და სინდისის პატიმარი. მიუხედავად 4 ოქტომბრის დღის იმედგაცრუებისა, მტკიცედ მჯერა, რომ ეს ბრძოლა, ეს თავგანწირვა, ეს ანთებული მუხტი აუცილებლად მიგვიყვანს გამარჯვებამდე!!!

აქვე მადლობა ყველა ჩემს თანამებრძოლს, ვინც იბრძოლა და იბრძვის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. ლევან სანიკიძეს, ირაკლი ფავლენიშვილს, ლაშა ფარულავას, ვასო ურუშაძეს და ყველას, ყველას ვინც ბოლომდე იდგა იმ დღეს თავისუფალი დემონსტრანტების, მათ შორის ჩემს გვერდით, ამიტომ ჩემი ძალიან დიდი სურვილია ყველა ერთად, რაც შეიძლება სწრაფად ვკონცენტრირდეთ რუსული ოლიგარქიული რეჟიმის სწრაფად დამთავრებაზე. 

მჯერა, რომ სწორედ ეს ბიჭები, ჩემი მეგობრები ძალიან ბევრ ადამიანთან ერთად იქნებიან ამ ბრძოლის ავანგარდში. ასევე განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო იმ ასობით ათას გულანთებულ, პატრიოტ ადამიანს, რომლებიც არ ნებდებიან და ბოლომდე იბრძვიან. მათ ბრძოლას მნიშვნელოვნად აძლიერებენ ის ჟურნალისტები და მედია საშუალებები, რომლებიც საკუთარი ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკის ფასად აშუქებენ პროტესტს და ააშკარავებენ რეჟიმის დანაშაულებრივ ბუნებას. 

ძალა ერთობაშია! ყველაფერი კარგად იქნება! ცეცხლი ოლიგარქიას! მე ამ ბრძოლაში ვიქნები ბოლომდე - ციხეშიც და თავისუფლებაზეც," - წერს ირაკლი ნადირაძე. 

ცნობისთვის, 4 ოქტომბერს აქციის საორგანიზაციო კომიტეტის ხუთი წევრი დააკავეს:

  • პაატა ბურჭულაძე,
  • მურთაზ ზოდელავა,
  • პაატა მანჯგალაძე,
  • ირაკლი ნადირაძე
  • ლაშა ბერიძე.

4 ოქტომბრის საქმეზე, ამ დროისთვის, 36 ადამიანია დაკავებული.  

მსგავსი სიახლეები