ჩინოვნიკების მდიდრული საჩუქრები - ვინ რამდენი ლარით გამდიდრდა?

09.10.25 20:20
ჩინოვნიკების მდიდრული საჩუქრები - ვინ რამდენი ლარით გამდიდრდა?

საჩუქრები მშობლებისგან თუ უკანონო შემოსავლების გამართლება? როგორ ხდება, რომ ყველა ჩინოვნიკის მშობელი ან შვილი დიდი ფულის მფლობელია? მხოლოდ 2024 წელს მაღალჩინოსნებმა 12 მილიონის საჩუქრები მიიღეს. უპირობოდ ლიდერებს შორისაა უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მამუკა ვასაძე, რომელსაც დედამ აჩუქა 150 ათასი დოლარი. დეკლარაციაში წერს, რომ მშობლებმა ქონება გაყიდეს, ჩვენს კითხვებს არ პასუხობს.

150 ათასი დოლარი თავად აჩუქა ცოლს ირაკლი შენგელიამ, სანქცირებული მოსამართლეც ამტკიცებს, რომ ქონება გაყიდა და მხოლოდ მისი საქმეა, ვის აჩუქებს კუთვნილ თანხას. არადა ჩნდება კითხვა , ამერიკული სანქციების ქვეშ მყოფ მოსამართლეს უბრალოდ ხომ არ სჭირდებოდა ათასობით დოლარის ოჯახის წევრზე გადატანა?

მოსამართლეები კოლოსალური საჩუქრებით გამოირჩევიან. 44, 500 დოლარი მიიღო შვილისგან საჩუქრად საკონსტიტუციო სასამართლოს წევრმა მანანა კობახიძემ. ამბობს, რომ გასაკვირი არაფერია, ჯერ შვილს აჩუქა ფული, შემდეგ კი ეს ფული უკან საჭიროებების გამო იჩუქა.  

როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, ფულს მილიონერ დეპუტატებსაც ჩუქნიან. მაგალითად, ილია ინჯია, რომელსაც 1 წელში 30 600 დოლარი, 3900 ევრო და 27 ათასი ლარი აჩუქა მშობელმა. ვკითხეთ, რაში სჭირდებოდა მილიონერ კაცს მშობლისგან ფულადი დახმარება? ილია ინჯიამ ისიც კი არ გვითხრა, ეს ფული მილიონერი მამისგან მიიღო თუ დედისგან. 

ოცნების დეპუტატ გურამ მაჭარაშვილს არა, მაგრამ მის ცოლს შვილმა აჩუქა 43 ათასი დოლარი.  საიდან ჰქონდა ეს თანხა, წესით ანტიკორუფციული ბიურო უნდა არკვევდეს, ისევე როგორც სხვა ჩინოვნიკების შემთხვევაში.  შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, იოსებ ჭელიძემ 123 ათასი დოლარის მიწის ნაკვეთები და ბინა მიიღო მამისგან საჩუქრად. ასეთი კიდევ ბევრია - ყველა უწყებაში მოიძებნება ათობით ჩინოვნიკი ვინც  ძვირადღირებულ საჩუქრებს ან დიდ ფულს ოჯახის წევრებისგან იღებს.

როცა დეკლარაციაში ბალანსი ვერ ჯდება, მარტივი გამოსავალი - ოჯახისგან მიღებული საჩუქრის ჩაწერაა.  ასე იქცა კანონის გამონაკლისი შავ ხვრელად შემოსავლების გასათეთრებლად. 2024 წელს საჩუქრები 12 მლნ- ის იყო, წინა წელს 22 მლნ -ის. ეს ტენდენცია უცვლელია.

ჩინოვნიკების მდიდრული საჩუქრები - ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟი

მსგავსი სიახლეები