იუსტიციის სამინისტრო გიორგი ქემოკლიძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

10.10.25 12:03
იუსტიციის სამინისტრო გიორგი ქემოკლიძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

იუსტიციის სამინისტრო პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის  ყოფილის მოადგილის, გიორგი ქემოკლიძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელელებს და წერს, რომ სუს-ის მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაცია თანხვედრაშია მათ ვერსიასთან, გიორგი ბაჩიაშვილის საკანში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.

გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქემოკლიძის მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის მსგავსი ქმედებები ზიანს აყენებს სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და იქ დასაქმებული ასობით ღირსეული მოსამსახურის რეპუტაციას

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ეხმაურება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილის გიორგი ქემოკლიძის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით.

იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია აწარმოებდა გამოძიებას მიმდინარე წლის 11 ივლისს N8 პენიტენციურ დაწესებულებაში კ. მეტრეველსა და გ. ბაჩიაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ხოლო გამოძიების გარკვეულ ეტაპზე, კანონით გათვალისწინებული საფუძვლებიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად გადაეცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს.

ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაცია თანხვედრაშია იმ ვერსიასთან, რომელზეც საუბარი იყო სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ 2025 წლის 21 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში  გ. ბაჩიაშვილის საკანში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. 

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დანაშაულებრივ ქმედებებში მხილებულ იქნა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი ყოფილი ხელმძღვანელი პირი, რომლის მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის მსგავსი ქმედებები ზიანს აყენებს სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და იქ დასაქმებული ასობით ღირსეული მოსამსახურის რეპუტაციას, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში უწყვეტად და კეთილსინდისიერად ასრულებენ მათზე დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობას.
იუსტიციის სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას გამოძიებასთან.

გიორგი ქემოკლიძის დაკავების შესახებ გუშინ სუს-ის ბრიფინგით გახდა ცნობილი. 

  • გიორგი ბაჩიაშვილის ცემის ინსცენირების ბრალდებით დაკავებულმა პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილმა მოადგილემ,  გიორგი ქემოკლიძემ თანამდებობა აგვისტოში N8 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელ დავით გოგობერიშვილთან ერთად დაატოვა.

რა გვითხრა სუს-მა?

  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, "სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილმა მოადგილემ გიორგი ქემოკლიძემ პატიმარ გიორგი ბაჩიაშვილთან წინასწარი შეთანხმებით, მის საკანში შეიყვანა სპეციალურად შერჩეული ორი პატიმარი, რომლებსაც წინასწარი სცენარის მიხედვით გიორგი ბაჩიაშვილისთვის ფიზიკური ანგარიშსწორების იმიტაცია უნდა მოეწყოთ, რისი განხორციელებაც იმ ეტაპზე ვერ მოახერხეს".
  • მდინარაძის უწყება ირწმუნება, რომ ამის შემდეგ, განზრახვის ბოლომდე მისაყვანად გიორგი ქემოკლიძემ გიორგი ბაჩიაშვილის საკანში შეიყვანა პატიმარი კ.მ. მისი შესვლისთანავე გიორგი ბაჩიაშვილმა, წინა გამოცდილების გათვალისწინებით, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე დაძაბა კ.მ.-სთან ურთიერთობა, რასაც მათ შორის მოყვა მცირე ფიზიკური დაპირისპირება.

 

მსგავსი სიახლეები