დამნაშავეებსაც აქვთ თავისი პროფესია - პაპუაშვილი ჩახუნაშვილზე
"დამნაშავეებსაც აქვთ თავისი პროფესია" - ასე უპასუხა შალვა პაპუაშვილმა 4 ოქტომბრის საქმეზე 71 წლის ექიმის, გიორგი ჩახუნაშვილის დაკავების თაობაზე დასმულ კითხვას.
"ის ვინც ბედავს და იჩენს სიმამაცეს, მათ შორის კონკრეტულად ეს ადამიანი [გიორგი ჩახუნაშვილი], იმის სითამამეც ეყოს, რომ ამაზე პასუხისმგებლობა აიღოს" - ამბობს პაპუაშვილი.
მისი თქმით, პასუხისმგებლობიდან გაქცევის იმედი არავის უნდა ჰქონდეს.
ჩავარდა სახელმწიფო გადატრიალება, ჩავარდა ხელისუფლების დამხობა და ამ ყველაფერს პასუხისმგებლობა მოჰყვება. ის ვინც ბედავს და იჩენს სიმამაცეს, მათ შორის კონკრეტულად ეს ადამიანი [გიორგი ჩახუნაშვილი], რომელიც პრეზიდენტის რეზიდენციის ეზოში შეიჭრა და სხვებსაც მიუთითებდა რომ იქ შესულიყვნენ,
იმის სითამამეც ეყოს, რომ ამაზე პასუხისმგებლობა აიღოს. ცხოვრება თვითმომსახურების მაღაზია არ არის, სადაც რასაც გინდა აიღებ და რასაც გინდა არ აიღებ - არავის ჰქონდეს იმედის იმისა, რომ პასუხისმგებლობას გაექცევა! მით უმეტეს, როდესაც ადამიანს რაღაც ცხოვრებისეული გამოცდილება აქვს, როდესაც რაღაც ნაბიჯზე მიდიხარ, კეთილი უნდა ინებო და პასუხისმგებლობის სითამამეც უნდა გქონდეს.
პროფესია ყველას აქვს - ქურდსაც, ყაჩაღსაც და ხელისუფლების დამამხობელსაც! პროფესიული მიზნით დისკრიმინაცია და იმის გარჩევა, რომ უმუშევარი დავიჭიროთ და არაუმუშევარი არ დავიჭიროთ ვერ მოხდება - გაუგებარია ეს რა მორალია.
ცხადია, რომ იგეგმებოდა ხელისუფლების დამხობა, იყო მოწოდება ხელისუფლების დამხობისკენ, დაიწყო ამ მოწოდების აღსრულება - პირდაპირ ეთერში ვნახეთ ადამიანები, რომლებიც პრეზიდენტის რეზიდენციაში შეიჭრნენ.
თუკი იმის სითამამე ეყოთ, რომ 4 ოქტომბერს, 4-საათზე ქვეყნის დამხობაზე წასულიყვნენ, კეთილი ინებონ და იმის სითამამეც ეყოთ, მიიღონ სასჯელი, რომელიც ქვეყნის წარუმატებლად დამამხობლებს ეკისრებათ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ აკადემიკოსი გიორგი ჩახუნაშვილი დააკავეს. ის სამართალდამცველებმა საკუთარი სახლიდან გამოიყვანეს.