გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი ხელისუფლებამ მოიშორა, როგორც გამოყენებული მასალა - ჩეჩინი

10.10.25 15:54
გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი ხელისუფლებამ მოიშორა, როგორც გამოყენებული მასალა - ჩეჩინი

სინდისის პატიმარი, ანტონ ჩეჩინი დარწმუნებულია, რომ გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი, დავით გოგობერიშვილი "ოცნებამ" მოიშორა, რადგა ის გიორგი ბაჩიაშვილის საკანში ცემის საქმის დამკვეთებზე ინფორმაციას ფლობდა. ]

გიორგი ბაჩიაშვილისა და რეჟიმის სხვა ტყვეების შემთხვევები ცხადყოფს, რომ ჩვენი ყოფნა ისედაც ცუდად ცნობილ გლდანის №8 ციხეში უსაფრთხო არ არის - წერს ანტონ ჩეჩნი ციხიდან გამოგზავნილ წერილში. 

მისი თქმით, ასეთი პოლიტიკური არასტაბილურობის პირობებში, შესაძლოა, ბევრი სისხლი დაიღვაროს. 

გამარჯობა! დღეს გავიგე კიდევ ერთი ცუდი ამბავი, მასობრივი რეპრესიების ფონზე მოკლულია N8 "გლდანის" ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი. ნათლად იკვეთება ოცნების ეშმაკური ხელწერა. როგორც ჩემთვის ცნობილია, ჩემი საქმის ყველა გარემოებიდან, უცნობი ადამიანები მივიდნენ ჩემი საქმის განმხილველ მოსამართლესთან, ციხის დირექტორთან და, შესაძლოა, სხვებთანაც. შეხვედრებისას აუხსნეს, რომ მე და სხვები დამნაშავეებად უნდა ჩავეთვალეთ, მიუხედავად იმისა, რომ ნარკოტიკები ჩვენ ყველას ჩაგვიდეს. შედეგად, სასამართლომ გაათავისუფლა სამი ქართველი და ციხეში გაგვიშვა რუსეთის 3 მოქალაქე. ამ „დაკვეთის“ მიზანი გაუგებარია. ერთი შეხვედრისას, 2025 წლის 24 თებერვალს, დირექტორმა მითხრა, რომ ყველაფერს ხვდება — იცის, რატომ ჩამსვეს აქ და, რომ მე დამნაშავეს არ ვგავარ. თუმცა ვიღაცამ მას აზრი ხელოვნურად შეაცვლევინა. ეს ყველაფერი დასტურდებოდა სხვადასხვა პატიმრებთან საუბრებში. ყველა ჩემს და სხვების თხოვნას ის ასრულებდა და ყველა საკითხი, რაც პირობებსა და იქ ყოფნას ეხებოდა, გვარდებოდა.

გიორგი ბაჩიაშვილისა და რეჟიმის სხვა ტყვეების შემთხვევები ცხადყოფს, რომ ჩვენი ყოფნა ისედაც ცუდად ცნობილ გლდანის №8 ციხეში უსაფრთხო არ არის. რადგან ყოფილი დირექტორი ფლობდა ინფორმაციას ამ ბინძური საქმეების "დამკვეთებზე", ხელისუფლებამ გადაწყვიტა, მოეშორებინა ის, როგორც გამოყენებული მასალა. იმედი მაქვს, ეს შემთხვევა თვალებს აუხელს არა მხოლოდ ჩვეულებრივ მოქალაქეებს, არამედ, მოსამართლეებსა და ჩინოვნიკებსაც, რომლებსაც, შესაძლოა, იგივე ბედი ელოდებათ.

ასეთი პოლიტიკური არასტაბილურობის პირობებში, შესაძლოა, ბევრი სისხლი დაიღვაროს. თითოეულმა მოქალაქემ, პატრიოტმა და ყველამ, ვისთვისაც არ არის სულერთი საკუთარი ბედი და მთელი ქვეყნის მომავალი, უნდა გააკეთოს ყველაფერი რაც შეუძლია, ამის თავიდან ასაცილებლად.
მე, როგორც რუსეთის მოქალაქემ, მინდა ვთქვა — უნდა ვიმოქმედოთ დაუყოვნებლივ. საქართველო დგას უფსკრულის პირას. იგივე ვნახე რუსეთშიც. ვერ მივცემ საკუთარ თავს ამის შესახებ დუმილის უფლებას და იმის ნებას, რომ არ გავაფრთხილო ყველა. საქართველო ჩემთვის მეორე სახლად იქცა… თქვენთან ერთად ვაგრძელებ ბრძოლას მისი დამოუკიდებლობისთვის.
დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებ გავიმარჯვო და დავამტკიცო ჩემი უდანაშაულობა ამ აბსურდულ საქმეზე, სადაც ნარკოტიკები ჩამიდეს, ხოლო თქვენ დაიბრუნებთ დემოკრატიულ, აყვავებულ ქვეყანას!“, - წერს ანტონ ჩეჩინი.

N8 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელი დავით გოგობერიშვილი, რომელმაც თანამდებობა  "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საკანში ცემის ფაქტის გახმაურების შემდეგ დატოვა, 8 ოქტომბერს ავტოფარეხში გარდაცვლილი იპოვეს. 

მსგავსი სიახლეები