ციხეში გამოკეტილი ხალხის ამბავი - "შაბათის ეთერის" სპეციალური რეპორტაჟი
მედროშე, მხატვარი, ექიმი, გეოლოგი, გეოგრაფი, დიზაინერი, მოქანდაკე, იურისტი, ტელეფონების შემკეთებელი, ბარმენი და სხვა - ვინ არის ხალხი, ვინც 4 ოქტომბრის აქციის შემდეგ დააკავეს?
"შაბათის ეთერი" დაინტერესდა იმ რიგითი მოქალაქეებით, რომლებსაც 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. "ტვ პირველის" გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდი არკვევდა რას ემსახურება, ერთი და იგივე, შაბლონური დასახელებით ადამიანის წინასწარ ციხეში გაშვება?
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 59 წლის ბათუმელი მხატვარი, ზურა ჭავჭანიძეა. "ქართულ ოცნების" საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებზე დგომის დიდი სტაჟით.
- საპროტესტო აქციაზე "ტვ პირველის" კამერამ ბათუმიდან ჩამოსული მედროშე რამდენჯერმე გადაიღო. სპეცრაზმთან გასაუბრებამდე, ზურა ჭავჭანიძე თავისუფლების მოედნიდან ათონელის რეზიდენციასთან ხალხთან ერთად მიდის, აქციის დასრულების შემდეგ, იმავე დღეს დაბრუნდა. არც დაბრუნების შემდეგ უფიქრია, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყებოდა და ორ დღეში მეგობრის სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან აიყვანდნენ. აფხაზეთიდან დევნილი მედროშე მხატვარი და ხატმწერია. ბათუმის პროტესტის აქტიური მონაწილე ხშირად თვითნაკეთ ნივთებს აქციის მონაწილეებს ურიგებდა.
27 წლის თორნიკე მჭედლიშვილი, კამერის ობიექტივში მაშინ მოექცა, როდესაც აქციაზე დაშავებული პატრულის თანამშრომელი გამოიყვანა, დაეხმარა და სასწრაფოს მანქანში ჩასვა. თორნიკე ახლა დაკავებულია. აქციაზე მეგობარ გოგოსთან ერთად მივიდა. 4 ოქტომბრის საპროტესტო შეკრებიდან მესამე დღეს, კახეთში მიდოდა, როდესაც მოძრავ სამარშუტო ტაქსიდან აიყვანეს.
- თორნიკე მჭედლიშვილმა სასამართლო დარბაზში ილაპარაკა,იმ ძალადობაზე, როემელსაც მისი თქმით, დაკავების შემდეგ ჰქონდა ადგილი. ახალგაზრდა კაცი ამბობს, რომ პოლიციელები მას გაუპატიურებით დაემუქრნენ. თორნიკე მჭედლიშვილი საპროტესტო აქციას სამუშაო დღის დასრულების შემდეგ შეუერთდდა - ის ბარმენია.
63 წლის ალექსანდრე გოგოლაძე, სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულთა შორის ერთ ერთია. "ტვ პირველის" კამერამ ის ჯერ კიდევ თავისუფლების მოედანზე გადაიღო, რა დროსაც სრულიად მარტო იმყოფებოდა და სიტყვით გამომსვლელებს უსმენდა. ზოო-ინჟინერი 2019 წლიდან ონკო პაციენტია. წლებია ის ავტომანქანების მეორადი ნაწილების მაღაზიას ამუშავებს ფეიქრების ქუჩაზე.
- ბატონი ალექსანდრეს ვაჟი ექიმია. სასამართლოში ადვოკატმა მძიმე ონკო პაციენტის გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა, თუმცა არ დაუკმაყოფილეს. ონკოპაციენტმა სულ ახლახანს გულის ინფარქტი გადაიტანა. მოსამართლეს სხდომათა დარბაზში მხოლოდ იმას სთხოვდა, რომ მისი ჯანმრთელობის პრობლემების გამო სხვა პატიმრებისთვის უხერხულობა არ შეექმნა. ახლაც სასამართლოს დარბაზიდან გამოსულს, ვიდრე გლდანში გადაიყვანდნენ ოჯახის წევრები ხვდებიან რომ საჭირო მედიკამენტები მიაწოდონ.
აქციაზე 86 წლის მამასთან ერთად იყო 48 წლის მოქანდაკე, დავით ჟღენტიც, რომელიც ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ ბრალი გადაუკვალიფიცირეს. "ტვ პირველის" კამერამ ჟღენტი მამასთან ერთად "თავისუფლების მოედანზე" არაერთხელ გადაიღო. ახლა გამოძიება მოქანდაკეს ედავება რომ 86 მამასთან ერთად აქციაზე ძალადობრივი ქმედებებისთვის მივიდა.
- დავით ჟღენტმა სასამართლო პროცესზე თქვა, რომ სავარაუდოდ გდდ-ის თანამშრომლებმა ათონელის რეზიდენციაში დაკავების მომენტში იძალადეს.
46 წლის ევა შაშიაშვილიც დაკავებულებს შორისაა. საპროტესტო აქციაზე ის მარტო მივიდა. ვიდრე სასამართლო მისი პატიმრობაში გაშვების ამბავს განიხილავდა, ის მთელი პროცესის განმავლობაში ტიროდა. ევა შაშიაშვილის წინააღდეგ მთავარი მტკიცებულება ქვაა, თუმცა საქმეში არ დევს არც ერთ მტკიცებულება, რომ მისი ნასროლი ქვა ვინმეს მოხვდა.
კიდევ ერთი დაკავებულის, დათო სტურუას დედა პროცესს ვერ დაესწრო რადგან 24 წლის სამოქალაქო აქტივისტის მშობლებს ჯანმრთელობა მძიმე მდგომარეობა აქვთ. დათო უნივერსიტეტის კარტოგრაფია გეოგრაფიის ფაკულტეტის სტუდენტი იყო. აქციების პარალელურად უნივერსიტეტსაც ბოიკოტი გამოუცხადა - მას სტატუსი შეუჩერდა. ამის შემდეგ მუშაობა "სპარში" დაიწყო და ყოველი სამუშაო დღის ბოლოს პროტესტის ეპიცენტრში იყო.
- ხანში შესული მშობლების ერთადერთ მარჩენალს 9 წლით პატიმრობა ემუქრება. მეგობრები ამბობენ, რომ ყოველ ახალ დაკავებულ სამოქალაქო აქტივისტით ხელისუფლება ცდილობს, პროტესტის ჩახშობას.
33 წლის გორელი აქტივისტი და ტელეფონების ხელოსანიც ახლა საბრალდებო სკამზე ზის. ვახო ფიცხელაურს მეუღლესთან ერთად გორში, რუსული კანონის მიღების შემდეგ არცერთი საპროტესტო აქცია არ გაუცდენია. ის მუდამ იქ იდგა სადაც ირჩევდნენ ევროპულ მომავალს.
დაკავებულებს შორისაა 34 წლის ალექსანდრე ხაბეიშვილიც - აბაშიდან. მისი შვილები ამ დრომდე ვერ ივიწყებენ სახლში სპეცრაზმის შემოვარდნის კადრებს. სოციალურად დაუცველი ოჯახის ერთადერთი მარჩენალი სწორედ ის იყო. ხაბეიშვილი სოფელ სეფიეთში პურს აცხობს. უმცროსი შვილი კი მძიმე დაავადებას ებრძვის.
57 წლის კახა მჟავანაძე აქციაში მონაწილეობის გამო დააკავეს, არადა ტვ პირველის გადაღებულ მასალაში ჩანს, რომ ათონელის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე კახა მჟავანაძე დაზარალებულ მოქალქეებს ეხმარებოდა. მჟავანაძის მეუღლე დიალეზზეა, ის მოსამართლეს სთხოვდა მიეცა ცოლის სასიცოცხლო პროცედურებზე ტარების უფლება, თუმცა სასამართლომ ის მაინც ციხეში გაუშვა.
სამტრედიის დევნილთა დასახლებიდან საპროტექტო აქციაზე იყო წამოსული სოციალურად დაუცველი 45 წლის სერგო მეგრელიშვილი. რომელიც სამტრედიაში რკინეულობის მაღაზიაში დღიურად მუშაობდა. მეგრელიშვილის ჰყავს ავადმყოფი მეუღლე,და მცირეწლოვანი შვილი. დაკავებულის მეუღლე ამბობს, რომ იყო შემთხვევა, როდესაც განსხვავებული აზრის გამო მის ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს.