რას ამბობს ირაკლი კობახიძე გიორგი ქემოკლიძის დაკავებაზე

11.10.25 17:01
რას ამბობს ირაკლი კობახიძე გიორგი ქემოკლიძის დაკავებაზე

რა იცის ირაკლი კობახიძემ პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილის, გიორგი ქემოკლიძის დაკავებასთან დაკავშირებით და რას ფიქრობს სუს-ის ვერსიაზე, რომელიც ამტკიცებს, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა საკანში საკუთარ თავზე ანგარიშსოწრება თავად დაგეგმა.

  • სწორედ ამ საქმის ფარგლებში დააკავეს გიორგი ქემოკლიძე.

კობახიძე ამბობს, რომ აღნიშნული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კომპეტენციაა, თუმცა იმასაც აცხადებს, რომ  ამ საქმის გამოძიების ბოლომდე მიყვანა "ოცნებისთვის" განსაკუთრებული პრიორიტეტია.

„ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კომპეტენცია, ბოლომდე ჩაეძიოს ამ ყველაფერს. მოტივი გასაგებია ხომ, ლოგიკურად ეს არის სახელმწიფოსთვის ზიანის მიყენება, შესაძლოა, ეს იყოს პატიმრისთვის რაღაც მდგომარეობის შეცვლა გარკვეული მიმართულებით, შესაბამისად, ეს უნდა დაადგინოს გამოძიებამ. თავისთავად, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ამ სავარაუდო დანაშაულის გახსნა, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ვუფრთხილდებით იმ მიღწევას, რომელიც გვაქვს სასჯელაღსრულების სისტემაში. გახსოვთ, რა ვითარება იყო პენიტენციურ დაწესებულებებში 2012 წლამდე, წამების ინსტრუმენტად იყო ქცეული ციხეები და ჩვენ რადიკალურად შევცვალეთ ვითარება, არცერთი წამების, თუ არაჰუმანური მოპყრობის ფაქტი არ დაფიქსირებულა 2012 წლის შემდეგ ჩვენს ქვეყანაში, რასაც ყველა აღიარებს. ჩვენი ოპონენტი პოლიტიკოსებიც კი, რომლებიც გამოდიან ციხიდან, აღიარებენ იმას, თუ როგორ რადიკალურად არის შეცვლილი ვითარება სასჯელაღსრულების სისტემაში და როგორ არის თავიდან ბოლომდე დალაგებული და აწყობილი სისტემა. ამიტომ ამ მიღწევას ბოლომდე ვუფრთხილდებით და შესაბამისად, ამ გამოძიების ბოლომდე მიყვანა არის ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტი“, - განაცხადა კობახიძემ.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ქემოკლიძეს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე წარედგინა - ამის შესახებ ინფორმაციას  საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

გვარაკიძის უწყება ირწმუნება, რომ ქემოკლიძემ ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება გიორგი ბაჩიაშვილის სასარგებლოდ.

კერძოდ, გავრცელებულ განცხადებაში პროკურატურა ამტკიცებს, რომ გიორგი ქემოკლიძესა და პატიმარ გიორგი ბაჩიაშვილს შორის არსებული წინასწარი შეთანხმების შესაბამისად, გიორგი ბაჩიაშვილის საკანში სპეციალურად შეასახლეს ორი პატიმარი, რომლებსაც წინასწარი სცენარის მიხედვით, გიორგი ბაჩიაშვილისთვის ფიზიკური ანგარიშსწორების იმიტაცია უნდა მოეწყოთ.

გიორგი ქემოკლიძე ბრალს არ აღიარებს.

 

მსგავსი სიახლეები