წარმოუდგენელი შოკი ჩემთვის - დავით ჯანდიერი გამოკითხვაზე მივიდა
საქალაქო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი, დავით ჯანდიერი მოწმის სტატუსით იკითხება.
როგორც მან სასამართლოს შენობაში შესვლამდე განაცხადა, საბჭოთა კავშირის მერე არ არსებობს პრეცედენტი, რომ ადვოკატი კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით დაებარებინოთ ამ სტატუსით:
მე მხოლოდ ის ინფორმაცია მაქვს, რომელიც ბრიფინგების საშუაებით გავრცელდა. მოვედი, რომ შეკითხვებს ვუპასუხო. უცნაურია, საბჭოთა კავშირის შემდეგ არ მახსენდება, რომ ადვოკატი დაბარებული ყოფილიყო. ეს ძალიან უცნაური რამ არის, იმედი მაქვს, რომ ეს პირველი და უკანასკნელი იქნება"- თქვა გამოკითხვაზე შესვლამდე უფლაბადამცვალმა.
გამოცდილი იურისტი გამოკითხვაზე მას შემდეგ დაიბარეს, რაც პროპაგანდისტული მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც თითქოს, დავით ჯანდიერი იყო შუამავალი ბაჩიაშვილსა და პენიტენციურის უფროსის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ქემოკლიძეს შორის.
ჩემთვის ეს ინფორმაცია შოკია, უბრალოდ, წარმოუდგენელი რამ არის, რომელიც ძნელად დასაჯერებელია, რომ ადამიანმა ეს ციხიდან გააკეთოს და მე რომ მოწმედ ვარ დაბარებული, ეს სრული შოკია.
არასოდეს მქონია ქემოკლიძესთან შეხება - არ ვიცნობ. მისი ფოტო პირველად ვნახე, როდესაც სუს-ის მხრიდან განცხადება გავრცელდა. მაშინ, როდესაც გადადგა, გვარისთვისაც არ მიმიქცევია ყურადღება.
მინდა, რომ ყველაფერი გარკვეული იყოს. ამგვარი ნებისმიერი ტიპის ჩარევა შეიძლება, შეფასდეს როგორც ზემოქმედება ჩემზე, დანარჩენი მეც მაინტერესებს თუ რა შეკითხვები იქნება“,- განაცხადა დავით ჯანდიერმა.
დავით ჯანდიერი გუშინ, 10 ოქტომბერს სუს-მა დაიბარა გამოკითხვაზე, თუმცა ადვოკატი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას დათანხმდა.
პროკურატურამ ქემოკლიძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დააკავა და აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა მიუსაჯეს.