სავარაუდო კორუფცია და ნეპოტიზმი ფოთის საკრებულოში - რას ამბობენ კორუფციის მკვლევარები

12.10.25 20:46
სავარაუდო კორუფცია და ნეპოტიზმი ფოთის საკრებულოში - რას ამბობენ კორუფციის მკვლევარები

"საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ" ფოთის მუნიციპალიტეტის საქმიანობის საგანგაშო ანგარიში გამოაქვეყნა. კვლევის დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ ფოთის საკრებულო მერიასა და მუნიციპალიტეტზე ზედამხედველობას ფორმალურად ახორციელებდა, ამის პარალელურად კი ბიუჯეტიდან 6 მილიონ ლარზე მეტს იღებდა. საქმიანობის მინიმალური მაჩვენებლის ფონზე, შეუსაბამოდ დიდია გაწეული ხარჯები, რაზეც მეტყველებს ის ფაქტიც, რომ 6 მილიონი ლარიდან 5 მილიონ ლარზე მეტი ხელფასსა და პრემია/დანამატებში დაიხარჯა

დოკუმენტებით დგინდება, რომ ფოთის საკრებულოს არამიზნობრივი ხარჯებიდან ერთ-ერთია საწვავიც. მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარემ, ალექსანდრე ტყებუჩავამ 48 ათასი ლარის 17 ტონა საწვავი დახარჯა. შედარებით რომ განვსაზღვროთ, საწვავის ეს ოდენობა ავტომობილს საშუალოდ ეყოფა დედამიწისათვის ხუთჯერ შემოსავლელად.

ტვ პირველი მთელი დღის განმავლობაში ცდილობს ალექსანდრე ტყებუჩავასთან დაკავშირებას და პასუხების მოსმენას, თუმცა საკრებულოს თავმჯდომარე ჩვენს მიერ განხორციელებულ ზარებს არ პასუხობს.

ფოთის მაცხოვრებლები ადგილობრივ მერიას და მუნიციპალიტეტს გულგრილობაში ადანაშაულებენ. ამბობენ, რომ ფოთის საკრებულოს კორუფციული გარიგებებისა და ნეპოტიზმის შესახებ ინფორმაცია ყველას აქვს, თუმცა ვინც მათ საწინააღმდეგოდ ხმის ამოღებას გაბედავს, მასზე "ქართული ოცნება" ტოტალურ დაშინებას ახორციელებს და ძალადობს.

ვრცლად ნახეთ თელა დონაძის რეპორტაჟში.