სასახლის ღობის დაზიანების საქმე - ქურდოვანიძე არ გამორიცხავს, რომ დაკავებულებს ბრალი გადაუკვალიფიცირდეთ
საიას ხელმძღვანელი ნონა ქურდოვანიძე არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტის სასახლის ეზოში შეჭრის ბრალდებით დაკავებულ პირებს ბრალი გადაკვალიფიცირდეთ. იურისტის თქმით, თუ ექსპერტიზის შედეგად დადასტურდა, რომ ღონე წინასწარ იყო დაზიანებული და შესაბამისად, დანაშაულის პროვოცირებას ჰქონდა ადგილი, შესაძლოა, კიდევ სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში, გამოძიებამ უნდა დადგინოს, ვინ იყო ის პირი, ვინც ეს დააორგანიზა.
კონკრეტულად რა გამოიკვეთება გამოძიების ფარგლებში და იმ ექსპერტიზის შედეგად, რომელიც უნდა ჩატარდეს აი, ამ ფაქტთან დაკავშირებით, ეს შესაძლოა, უკავშირდებოდეს მათ შორის იმას, რომ კონკრეტული ბრალი, რაც წარდგენილი აქვთ პირებს ამ საქმესთან კავშირში, შესაძლოა, შეიცვალოს იმ გარემოებების გათვალისწინებით, რაც აი, ამ ვერსიის გადამოწმებისას შეიძლება, აღმოჩნდეს და ასევე, ეს შეიძლება, აჩენდეს ახალი პირების პასუხისმგებლობაში მიცემის საკითხს აყენებდეს დღის წესრიგში, იქიდან გამომდინარე, რომ თუ ეს ხელოვნურად წინასწარ მოხდა დაზიანება კარის, ეს ნიშნავს იმას, კონკრეტული პირები ხელს უწყობდნენ იმას, რომ ეს გარემოება, კონკრეტული ადამიანები ამ საფრთხის წინაშე აღმოჩენილიყვნენ და მათ შეძლებოდათ ძალიან მარტივად იმ ზღურბლის გადალახვა, რომელიც, წესით, უნდა ყოფილიყო დაცული.
ჯერ კიდევ არ არის გვიან, რომ ამასთან დაკავშირებით ჩატარდეს ექსპერტიზა და დადგინდეს, წინასწარ იყო თუ არა დაზიანებული კარი და შემდეგ უკვე უნდა მოყვეს ამას გამოძიება იმ მიმართულებით, თუ ეს ასე იყო, ვინ იყო ის პირი, რომელმაც ეს დაგეგმა და განახორციელა, - ამბობს ნონა ქურდოვანიძე.
იყო თუ არა ღობე, რომლის წაქცევისთვის 40-ზე მეტი ადამიანი ციხეში გაუშვეს, წინასწარ გადაჭრილი - ეს კითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც "შაბათის ეთერმა" მრავალათასიანი ჩანაწერები გაშიფრა და მოიპოვა კადრები, სადაც ჩანს, რომ ღობე, სავარაუდოდ, გადაჭრილია და მავთულებით მიბმულია რკინის კონსტრუქციას.