პატიმრების რეკორდული რაოდენობა ციხეებში - “ოცნებაში“ პირველი კომენტარები კეთდება

13.10.25 15:50
პატიმრების რეკორდული რაოდენობა ციხეებში - “ოცნებაში“ პირველი კომენტარები კეთდება

“ქართულ ოცნებას“ არ მიაჩნია, რომ გადავსებული ციხეები მათი მკაცრი პოლიტიკის შედეგია და ამტკიცებენ, რომ ადამიანები თავად აიძულებენ სამართალდამცავებს, რათა ისინი დაიჭირონ.

გია ვოლსკი აცხადებს, “რომ ეს არ არის სახელმწიფო პოლიტიკა, რომ გინდა თუ არა, ამდენი პატიმარი ჰყავდეს ციხეში და მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდები პატიმარი, თუ დააშავებ“.

შეიძლება არსებობს გარკვეული სტანდარტებისაგან გადახრა, მაგრამ მადლობა ღმერთს, ვერავინ იტყვის, რომ ეს არის სახელმწიფო პოლიტიკა, გინდა თუ არა, რომ იმდენი პატიმარი ჰყავდეს, რომ ქვეყნის მართვის სადავე მყარად ეჭიროს ხელში. ეს ამ მიზნით არ კეთდება, დააშავებ, მოხვდები ციხეში. სამწუხაროა, რომ ასეთი დანაშაულებები მატულობს. მეჩვენება, რომ სპეციალურად, განზრახ ხომ არ აკეთებენ, განზრახ ხომ არ შეჰყავთ ახალგაზრდები, განსაკუთრებით იმ პროცესებში, რომ როგორმე დაკავებულები იყვნენ და როგორმე მეტი ოჯახი იყოს დაზიანებული, - ამბობს ვოლსკი.

ნინო წილოსანი კი ამტკიცებს, რომ “ხალხი სპეციალურად აპატიმრებინებს თავს სამართალდამცველებს და  ისეთი სტრატეგიით მოქმედებენ, სხვა გზას არ უტოვებენ.“

თუ ლაკა ხოშტარიამ და მისნაირებმა თავი ძალით დაიპატიმრეს, ანუ ამ სტრატეგიას გააგრძელებენ, სამწუხაროდ არავის ექნება საშუალება, არ იმოქმედოს კანონის შესაბამისად. ძალით თავის დაპატიმრებაა, როდესაც გამიზნულად სახელმწიფო გადატრიალებაში მიიღებ მონაწილეობას, შევარდები სტრატეგიულ ობიექტში და რასაც ლოგიკურად მოყვება კანონის მხრიდან შესაბამისი შეფასება და მოქმედება, როდესაც ამას ახორციელებ, სხვა არანაირ შესაძლებლობას არ უტოვებ, სამართალდამცავ უწყებებს, - ამბობს ის.

ცნობისთვის, სახალხო დამცველის ყოფილმა მოადგილემ, გიორგი ბურჯანაემ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად,  2015 წლის შემდეგ ამდენი პატიმარი ერთად ციხეში არ ყოფილა. მისი თქმით, ბოლო 8 თვეში ციხის პოპულაცია 17%-ით გაიზარდა.

  • 2025 წელს, იანვრიდან თებერვლამდე 1532-ით არის გაზრდილი პატიმართა საერთო რაოდენობა საქართველოში!
  • 8 თვეში ციხის პოპულაცია 17%-ით გაიზარდა. 100ით მეტი ქალი და 1432-ით მეტი კაცია ციხეში სხვადასხვა დანაშაულისთვის ბოლო 8 თვეში. 
  • 2015 წლის შემდეგ არ ყოფილა ამდენი პატიმარი ერთად ციხეში"
  • გლდანის ციხეში დასაშვებ ლიმიტზე 432-ით მეტი პატიმარია
  • ქსნის ე.წ. ზონაში დასაშვებ ლიმიტზე 251-ით მეტი პატიმარია
  • ქუთაისის ციხეში დასაშვებ ლიმიტზე 111-ით მეტი პატიმარია - წერს სოცილაურ ქსელში ბურჯანაძე.

მსგავსი სიახლეები