“ოცნებას“ ახალი პოლიტიკური პარტიების ეშინია - ლევან ცუცქირიძე ამბობს, რომ რეგისტრაციაზე უარი უკვე ორჯერ უთხრეს
“ოცნებას“ ახალი პოლიტიკური პარტიების ეშინია , - ამის შესახებ “თავისუფლების მოედნის“ ხელმძღვანელმა, ლევან ცუცქირიძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი ცდილობს დაბლოკოს ის პოლიტიკური ძალები, ვინც ახლა შემოდის პოლიტიკურ ველზე.
როგორც ლევან ცუცქირიძე ამბობს, იუსტიციის სამინისტრომ უკვე ორჯერ უთხრა უარი რეგისტრაციაზე, მიზეზი კი ბუნდოვანი და დაუსაბუთებელია.
მისივე თქმით, ივანიშვილის პარტიაში კარგად იციან, რომ თუ სუფთა პოლიტიკური წარსულის მქონე ადამიანები დაუპირისპირდებიან უსამართლობას, ამ შემთხვევაში უფრო მეტი შანსი იარსებებს, რომ “ქართული ოცნება“ დამარცხდეს.
ორჯერ გვქონდა მცდელობა, ორჯერვე აბსურდული მიზეზებით გვითხრეს უარი, ახლა მესამე რეგისტრაციის წრეზე ვართ, ამ საქმეს არ მოვეშვებით, სანამ არ მივალთ ბოლომდე. რეალურად “ოცნებას“ ასეთი პოლიტიკური პარტიების ეშინია, რომლებსაც, არავისთან არაფერი აქვთ საბოდიშო, პირიქით, გამოირჩევიან თანმიმდევრულობით და პროფესიონალიზმით, ეს არის მათთვის მთავარი საფრთხე, თორე რაღაც გასვრილ, დამნაშავე, კორუმპირებულ პოლიტიკოსებთან შედარებით ადვილად შეუძლია ბრძოლა, - ამბობს ცუცქირიძე.
უწყვეტ პროტესტში ჩართული აქტივისტები კი ახალ სახეებს და პოლიტიკურ პარტიებს ითხოვენ და ამბობენ, რომ დადგა დრო, ქართული პოლიტიკა გაჯანსაღდეს.
ჩვენ აუცილებლად გჭირდება ოპოზიციური ველის გადატვირთვა, ტრანსფორმაცია, რომელიც მიგვიყვანს იქამდე, რომ ოპოზიციურ ველზე ჩამოვაყალიბებთ ისეთ სისტემას, რომელიც მზად იქნება, გადაიბაროს ხელისუფლება, როდესაც ივანიშვილის რეჟიმი დასრულდება, ამისტვის კი არა მხოლოდ პროფესიონალების, არამედ პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსების, ახალგაზრდა თაობის აქტიური ჩართულობაა საჭირო, - ამბობს გიორგი ტუმასიანი.