კოალიციური მმართველობა - ოპოზიციურმა პარტიებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

20.10.21 15:25
კოალიციური მმართველობა - ოპოზიციურმა პარტიებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

ოპოზიციურმა პარტიებმა - "დროა" და პარტია "ლელო საქართველოსთვის"-  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. საღამოს 9 საათზე კი ჩრდილოვანი კაბინეტის წევრების ვინაობა გახდება ცნობილი. ხაზარაძის თქმით, კოალიციური გაერთიანება საშუალებას მისცემს ქვეყანას, რომ იმართებოდეს მრავალპარტიულად და კრიზისიდან დროულად გამოვიდეს. 

დღეს ჩვენ შევიკრიბეთ პარტია "დროა" და პარტია "ლელო საქართველოსთვის", რათა შევქმნათ ერთიანი ფრონტი, ერთიანი პლატფორმა იმისათვის, რომ  ყველა პროდასავლური ძალა,  ყველა მოაზროვნე ადამიანი, ვისაც უნდა ამ ქვეყნის ამ მდგომარეობიდან გამოყვანა, შემოგვიერთდეს და ერთხელ და სამუდამოდ შევქმნათ ამ ქვეყანაში პროდასავლური, კოალიციური მმართველობა. ეს არის ყველაზე მთავარი, რომ მომავალში ერთ პარტიას, ან ერთ პიროვნებას არ ჰქონდეს არასდროს იმის ფუფუნება, რომ გადაწყვიტოს, როგორ უნდა იცხოვროს დანარჩენმა საქართველომ.

 ეს არის სწორედ იმ კონსულტაციების შედეგი, რომელიც ელენე ხოშტარიასთან და მის თანაგუნდელებთან გავმართეთ და ჩვენი მიზნები და ამოცანები ემთხვევა ერთმანეთს. ჩვენ ვიქნებით პლატფორმა, რომელიც ერთპარტიულობის დასრულების და ჯანსაღი კოალიციის გარანტი იქნება. გარანტი, რომელიც არავის არ მისცემს უფლებას, ერთპარტიული მმართველობის საშუალებას.

მე მიხარია, რომ ამ დოკუმენტს ვაწერთ ხელს, რომელიც იქნება გარდამტეხი დოკუმენტი. 10 დღეში თუ ჩვენ ყველა ერთად მივხვდებით, რომ კოალიციას, მრავალფეროვნებას არ აქვს ალტერნატივა, მაშინ ეს არის ის მომენტი, როცა ყველა ჩვენგანმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, მოვიდეს არჩევნებზე და ერთპარტიულ მმართველობას დაუპირისპიროს მრავალპარტიული მმართველობა - ამბობს მამუკა ხაზარაძე.