სააკაშვილი წერს, რა შეცდომები დაუშვეს ორგანიზატორებმა 4 ოქტომბერს
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რა შეცდომები დაუშვეს ორგანიზატორებმა 4 ოქტომბერს.
მისი თქმით, “4 ოქტომბრის ერთ-ერთი მთავარი არასწორი გათვლა იყო რეჟიმის სწრაფი ჩამოშლის შესაძლებლობის გადაჭარბებით შეფასება“.
“რეჟიმის სრული დელეგიტიმაცია არის გამარჯვების ერთადერთი გზა.
4 ოქტომბრის ერთ-ერთი მთავარი არასწორი გათვლა იყო რეჟიმის სწრაფი ჩამოშლის შესაძლებლობის გადაჭარბებით შეფასება, ამაში საკუთარი თავის დარწმუნება და როგორც ჩანს „ქოცების“ მიერ შემოგდებული თემების, მათ შორის ათონელის სასახლის უკრიტიკო მიღება.
რა თქმა უნდა, სინამდვილეში არსებობს რეჟიმის შიდა რყევები, მაგრამ იმისათვის, რომ ამან დიქტატურაში მინიმუმ შიდა ნგრევა გამოიწვიოს, საჭიროა 400-500 ათასი ადამიანის შეკრება.
რეჟიმის სრული შიდა და გარე დელეგიტიმაცია, ან ორივე ერთად რეჟიმის დელეგიტიმაცია სადღაც 80%-ით უკვე მომხდარია, სწორედ ამიტომ "ადგილობრივ არჩევნებში" მონაწილეობა იყო სრულიად უპატიებელი ცოდვა, იმიტომ, რომ მისი ამოცანა იყო რაღაცის ნაცვლად (თვითონ ხვდებით ალბათ რისიც) რეჟიმისთვის ლეგიტიმაციის ამაღლება.
რეჟიმის 100%-იანი დელეგიტიმაციის ორი გზა არსებობს. პროტესტების შემდგომი გამძაფრება და საერთაშორისო არენაზე რეჟიმის მხილება.
ეს უნდა გავაკეთოთ ყველამ, ვინც რეჟიმთან არანაირად არ თანამშრომლობს. ამის ადამიანური და ინტელექტუალური რესურსი ნამდვილად გაგვაჩნია”,-წერს სააკაშვილი.