როგორ პასუხობენ აქტივისტები "ოცნების" ახალ კანონს
სამოქალაქო აქტივისტები "ქართული ოცნების" მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში ცვლილებების შეტანას ეხმიანებებიან და აცხადებენ, რომ ივანშვილის გუნდი ახალ კანონპროექტს რუსთაველის მშვიდობიანი პროტესტის ჩასახშობად გამოიყენებს.
- ცნობისთვის, ცვლილებების მიხედვით, სახის ნიღბით დაფარვის, ცრემლსადენი ან/და მომწამვლელი ნივთიერების ქონის, ასევე გზის გადაკეტვის ან დროებით კონსტრუქციის მოწყობის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით.
- ასევე, ახალი ცვლილებებით, იმგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეობა, რომელიც შსს-ს მოთხოვნით შეწყვეტას ექვემდებარება, პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.
- ამასთან, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი მუხლი, რომლითაც სისხლის სამართლებრივი პასუხისგება დაეკისრება იმ პირს, რომელიც სამართალდამცვაი ორგანოს თანამშრომელს მესამედ მიაყენებს შეურაცხყოფას, ან არ დაემორჩილება მის კანონიერ განკარგულებას. აღნიშნულ პირს შეეფარდება თავისუფლების აღკვეთა 1 წლამდე.
სამოქალაქო აქტივისტის, ელენე ქაიხოსროშვილის თქმით, იმ შემთხვევაში თუ საქართველოს მოქალაქეები "ქართული ოცნების" ახალი კანონების შეჩერებას და შეცვლას ვერ შეძლებენ, მომავალში ივანიშვილის გუნდი აღნიშნულ ცვლილებებს სხვა პროტესტის ჩასახშობადაც გამოიყენებს. მაგალითად როგორიცაა, მშობლების პროტესტი წამლის დასაფინანსებლად, ან უბედური შემთხვევის გამო გამოწვეული აქციები.
ეს კონკრეტული რეპრესიული კანონები ეხება კონკრეტულად რუსთაველის ყოველდღიურ მშვიდობიან აქციას, მაგრამ ეს კანონები, იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ვერ შევძელით ამ ყველაფრის შეჩერება და შეცვლა, გავრცელდება აბსოლუტურად ყველა სახის პროტესტზე, რომელიც ადამიანებს გაუჩნდებათ და სადაც რეჟიმი იფიქრებს, რომ მისი სწრაფად გაჩერების მიზნით აამოქმედებს ამ კანონებს. შესაძლოა, მევახშის ვალი ჰქონდეს ვიღაცას, სახლიდან ასახლებდეს და ხშირად არის ხოლმე ამასთან დაკავშირებული პროტესტები, ასეთი პროტესტები აღკვეთონ. ან მოხდეს რაიმე უბედური შემთხვევა, როგორიც არის მაგალითად ფასადის ჩამოქცევა. გვახსოვს, მაგალითად, მშობლების, დედების პროტესტი მოთხოვნით, რომ იშვიათი დაავადებისთვის მათი შვილის წამლები დაფინანსებულიყო.
ასეთი უკეთილშობილესი პროტესტის შემთხვევაშიც კი თავისუფლად შეუძლია, ამ კანონების მიღების შემთხვევაში, რეჟიმს რომ ადამიანები დასაჯოს გზის გადაკეტვისთვის, პირდაპირ 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობით და ნებისმიერი პროტესტი ასე ჩაახშოს," - ამბობს ელენე ქაიხოსროშვილი.
აქტივისტი, ლევან ჯობავას განცხადებით, თუ რომელიმე მოქალაქე თვლის, რომ ეს პროტესტი მას არ ეხება, მომავალში მათ გზა აღარ დარჩებათ, რომ "ხმა ამოიღონ".
ცდილობენ, რომ კიდევ უფრო გაამკაცრონ და მაქსიმალურად გადაუჭირონ ჭანჭიკები. შენ თუ ხარ მოქალაქე და თვლი, რომ ეს პროტესტი შენ არ გეხება, მაგრამ რაღაც გაწუხებს, თუ ეს ამბავი გაუვიდათ, შენი პრობლემა კიდევ უფრო გაუარესდება და მერე შენ უკვე გზა აღარ დაგრჩება, რომ ამაზე ხმა ამოიღო," - განაცხადა ლევან ჯობავამ.
სამოქალაქო აქტივისტი, მეგი დიასამიძე აღნიშნავს, რომ ქვეყანა დიქტატურაშია და მოქალაქეებმა "ყველაფერი უნდა გააკეთონ, რაც გასაკეთებელია".
ჩვეულებრივ დიქტატურაში ვართ ნამდვილად, თან ბოლომდე რომ ჩაჭერილი აქვს "ქართულ ოცნებას". მაქსიმალურად, ყველანაირად უნდა შევეცადოთ, რომ თუნდაც მოკლე დროში თუ რამე გამოჩნდა ისეთი, რაც რეჟიმს იქეთ შეაშინებს, უნდა გავაკეთოთ გასაკეთებელი," - ამბობს მეგი დიასამიძე.
იხილეთ ასევე:
[ფოტო: ლევან ზაზაძე]