ეკონომიკურ დანაშაულებზე ნასამართლევ პირებს, ზიანს სრულად ანაზღაურებამდე, ქვეყნის დატოვება აეკრძალებათ
"ქართული ოცნების" მიერ სექტემბერში მიღებული კანონი, ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, მკაცრდება. ცვლილებები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, "საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ" კანონში, "დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ" კანონსა და "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონში შედის.
ცვლილებების მიხედვით, რიგ ფინანსურ და ეკონომიკურ დანაშაულებზე ნასამართლევ პირებს ქვეყნის დატოვება აეკრძალებათ სანამ ზიანს სრულად არ აანაზღაურებენ. ანუ უქმდება ასეთ აკრძალვასთან დაკავშირებული ზედა ზღვარი, რომელიც განსაზღვრულია საქართველოდან გასვლის 16 წლის ვადით აკრძალვით.
სექტემბრის თვეში მიღებული და ჯერ კიდევ მოქმედი კანონით, ფინანსურ დანაშაულებზე მსჯავრდებულებს საქართველოდან გასვლა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით ეკრძალებათ და ქვეყნიდან გასვლის აკრძალვა მხოლოდ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის მეშვეობით გამოიყენება. პარლამენტში წარდგენილი ახალი კანონის პროექტით კი, მსჯავრდებულს საქართველოდან გასვლის აკრძალვა სასამართლოს მიერ გამამტყუნებელ განაჩენში მითითების გარეშე დაეკისრება.
კანონპროექტის მიხედვით, მსჯავრდებულს საქართველოდან გასვლა აეკრძალება, თუ ერთდროულად არსებობს შემდეგი საფუძვლები:
- მსჯავდებული ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის
„გ“ ქვეპუნქტით, 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 185-ე მუხლის მე-3
ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 187-ე და 188-ე მუხლებით (თუ ზიანი 10 000 ლარს
აღემატება), 2051 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 220-ე ან 2201 მუხლით ან
2861 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის
ჩადენის გამო; - მსჯავრდებული საქართველოს მოქალაქეა ან საქართველოში სტატუსის მქონე
მოქალაქეობის არმქონე პირია; - დაზარალებული წერილობით არ აცხადებს უარს მისთვის დაზარალებულის
კომპენსაციის გადახდის უზრუნველსაყოფად მსჯავრდებულისთვის
საქართველოდან გასვლის აკრძალვაზე.“
მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვა უქმდება, თუ მან გადაიხადა დაზარალებულის კომპენსაცია ან დაზარალებული წერილობით აცხადებს უარს მისთვის დაზარალებულის კომპენსაციის გადახდაზე.
ცნობისთვის, პარლამენტმა 3 სექტემბერს, მესამე მოსმენით მიიღო კანონი, რომელიც ფინანსურ და ეკონომიკურ დანაშაულებზე მსჯავრდებულ პირებს საქართველოს დატოვებას უზღუდავს და ქვეყნიდან გასვლას 16 წლით უკრძალავდა.
კანონის მიხედვით, მსჯავრდებულს, რომელსაც ზიანის ანაზღაურება ეკისრება, ელექტრონული სამაჯურის ტარება ევალება, ხოლო მას და მის ოჯახის წევრებს შესაძლოა, ჩამოერთვას ქონება და დაზარალებულის სასარგებლოდ გადაიცეს.
ამავე კანონით, მსჯავრდებულს, ზარალის ანაზღაურებამდე, საარსებო მინიმუმის ორმაგ ოდენობაზე მეტი თანხის ფლობა ეკრძალება. ასეთი პირისთვის ფულის ან ქონების გადაცემა ცალკე დანაშაულად ჩაითვლება და ისჯება ჯარიმით ან ხუთ წლამდე პატიმრობით.
კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები: "ქართული ოცნების" წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი და აკაკი ალადაშვილი არიან.
საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.