"კეთილი უნდა ინებო და დარჩე ტროტუარზე" - კობახიძე აქტივისტებს
ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებული ახალი კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც სახის ნიღბით დაფარვის, ცრემლსადენი ან/და მომწამვლელი ნივთიერების ქონის, ასევე გზის გადაკეტვის ან დროებით კონსტრუქციის მოწყობის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს პატიმრობას, საერთაშორისო სტანდარტებს ეფუძნება.
"კეთილი უნდა ინებო და უნდა დარჩე ტროტუარზე" - ასე უპასუხა "ქართული ოცნების" პრემიერმინისტრმა ჟურნალისტის შეკითხვებს უწყვეტი პროტესტის მონაწილეებზე.
არაფერი არ გვაწუხებს, საზოგადოებაა შეწუხებული, მათ შორის 1 მილიონ 130 ათასზე მეტი ადამიანი, რომელმაც მხარი დაგვიჭირა ამ არჩევნებზე. საზოგადოება არის ძალიან შეწუხებული იმით, რომ 50 კაცი ძალადობს მილიონობით ადამიანზე ჩვენ ქვეყანაში... ოღონდ კანონის ფარგლებში უნდა გამოხატონ [პროტესტი], რასაც არ აკეთებენ ისინი, როდესაც ვერ იკრიბები სათანადო რაოდენობით, კეთილი უნდა ინებო და უნდა დარჩე ტროტუარზე, მეტს კი არაფერს ვამბობთ, საზოგადოება მეტს კი არაფერს ითხოვს.
თქვენ თუ დამისახელებთ ერთ ქვეყანას, სადაც დედაქალაქის ცენტრალური გამზირი იკეტება 100 და 150 კაცის მიერ ყოველდღიურ რეჟიმში, ერთს თუ დამისახელებთ, მაშინ დაგეთანხმებით, რომ ეს არ არის საერთაშორისო სტანდარტი. მაგრამ, მე გარწმუნებთ, როგორც იურისტი მათ შორის, რომ ეს კანონი თავიდან ბოლომდე ეფუძნება საერთაშორისო სტანდარტებს," - განაცხადა კობახიძემ.
- ცნობისთვის, ცვლილებების მიხედვით, სახის ნიღბით დაფარვის, ცრემლსადენი ან/და მომწამვლელი ნივთიერების ქონის, ასევე გზის გადაკეტვის ან დროებით კონსტრუქციის მოწყობის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით.
- ასევე, ახალი ცვლილებებით, იმგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეობა, რომელიც შსს-ს მოთხოვნით შეწყვეტას ექვემდებარება, პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.
- ამასთან, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი მუხლი, რომლითაც სისხლის სამართლებრივი პასუხისგება დაეკისრება იმ პირს, რომელიც სამართალდამცვაი ორგანოს თანამშრომელს მესამედ მიაყენებს შეურაცხყოფას, ან არ დაემორჩილება მის კანონიერ განკარგულებას. აღნიშნულ პირს შეეფარდება თავისუფლების აღკვეთა 1 წლამდე.