ქვეყნის დატოვების აკრძალვა ფინანსური დანაშაულისთვის - “ოცნებამ“ ახალი საკანონმდებლო პაკეტი უკვე დააინიცირა

14.10.25 18:58
ქვეყნის დატოვების აკრძალვა ფინანსური დანაშაულისთვის - “ოცნებამ“ ახალი საკანონმდებლო პაკეტი უკვე დააინიცირა

ქვეყნის დატოვების აკრძალვა ფინანსური დანაშაულისთვის - “ოცნებამ“ ახალი საკანონმდებლო პაკეტი უკვე დააინიცირა, რომელსაც პარლამენტი 15 ოქტომბერს, დაჩქარებული წესით განიხილავს.

ის ადამიანები, რომლებიც პატიმრობაში არიან კონკრეტული ფინანსური თუ ეკონომიკური დანაშაულის გამო, სასჯელის მოხდის შემდეგ ქვეყანას ვერ დატოვებენ, ვიდრე ბოლო თეთრამდე არ დააბრუნებენ იმ თანხას, რომელსაც სახელმწიფო ედავება.

“ოცნების“ პრემიერი ამტკიცებს, რომ ამ კანონპროეტქთან კონკრეტული გვარები არაფერ შუაშია და ეს პრინციპი ისედაც მოქმედებს არსებულ კანონმდებლობაში.

კონკრეტული გვარები არაფერ შუაშია და ეს პრინციპი ისედაც მოქმედებს ჩვენს კანონმდებლობაში, მაგალითად, მოქალაქეობაც შეიძლება ვერ დატოვოსა დამიანმა, თუ მას აქვს ფინანსური ვალდებულებები, როგორც საჯარო ასევე, კერძო მიმართულებით, ამ პრინციპის გაგრძელებაა ის ცვლილებები, რომლებიც აისახა კონკრეტული კატეგორიის დანაშაულებთან მიმართებით, როგორიცაა თაღლითობა და ა.შ. , - განაცხადა კობახიძემ.

ცვლილებების მიხედვით,  რიგ ფინანსურ და ეკონომიკურ დანაშაულებზე ნასამართლევ პირებს ქვეყნის დატოვება აეკრძალებათ მანამ, სანამ ზიანს სრულად არ აანაზღაურებენ.

მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ “ასე ახერხებს ბიძინა ივანიშვილი პირად შურისძიებას იმ ადამიანებზე, ვისთან მიმართებაშიც ივანიშვილი ჩათვლის, რომ მას ფული მოჰპარა.“

ასეთი ინიციატივა იკითხება არა როგორც ზიანის ანაზღაურების პრინციპის უზრუნველყოფა, რაც ისედაც გვაქვს ჩვენ კანონმდებლობით მოწესრიგებული, არამედ კონრკეტული პიროვნებების მიმართ შურისძიების აქტი, მათ შორის არის ბაჩიაშვილის საქმე, ბურჭულაძის თემა, ან შეიძლება კიდევ იყოს სხვა. ვის მიმართაც არსებობს ძალიან კონკრეტული ფინანსური მოთხოვნა და ინტერესი. მგონია, რომ მათ არგებენ ახლა ამ საკონმდებლოა ცვლილებებს, - ამბობს ეკა ბესელია.

გიორგი ბაჩიაშვილის თემას უკავშირებს ახალი საკანონმდებლო ინიციატივის შემოტანას თინა ხიდაშელი. თავდაცვის ყოფილი მინისტრი აცხადებს,  რომ ივანიშვილი ახლა ყველა საშუალებით ეცდება, ის ხალხი, ვისზეც თვლის, რომ მას პირადად უღალატეს, ან მოპარეს, განსაკუთრებული ზეწოლის ქვეშ ჰყავდეს.

იმ ფონზე, როდესაც ივანიშვილმა თავისი პირადი პატიმარი, ბაჩიაშვილი სამარტოო საკანში აცემინა, აწამებინა, მანაამდე ჯერ მოიპარა უცხო ქვეყნიდან და ისე ჩამოიყვანა. მე პირადად, არავითარი სხვა საკითხი, რომელიც შესაძლოა, ამ საქმეს უკავშირდებოდეს, აღარც მაოცებს, აღარც მაკვირვებს და არც კითხვის ნიშნებს მიტოვებს. რა თქმა უნდა, ყველა ინსტრუმენტით, შესაძლებლობით, რაც მის ხელთაა, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ის ხალხი, ვისზეც თვლის, რომ მას პირადად უღალატეს, ან მოპარეს, განსაკუთრებული ზეწოლის ქვეშ ეყოლება, - აცხადებს ხიდაშელი.

ცნობისთვის, პარლამენტი 15 ოქტომბერს დაჩქარებული წესით განიხილავს საკანონმდებლო პაკეტს, რომლის საფუძველზეც, რიგ ფინანსურ და ეკონომიკურ დანაშაულებზე ნასამართლევ პირებს ქვეყნის დატოვება აეკრძალებათ, ვიდრე ზიანს სრულად არ აანაზღაურებენ.

ამასთან, პარლამენტმა 3 სექტემბერს, მესამე მოსმენით მიიღო კანონი, რომელიც ფინანსურ და ეკონომიკურ დანაშაულებზე მსჯავრდებულ პირებს საქართველოს დატოვებას უზღუდავს და ქვეყნიდან გასვლას 16 წლით უკრძალავს.

მსჯავრდებულს, რომელსაც ზიანის ანაზღაურება ეკისრება, ელექტრონული სამაჯურის ტარება ევალება, ხოლო მას და მის ოჯახის წევრებს ქონება, შესაძლოა, ჩამოერთვას და დაზარალებულის სასარგებლოდ მიექცეს.

ამავე კანონით, მსჯავრდებულს, სანამ ზარალს არ აანაზღაურებს, საარსებო მინიმუმის ორმაგ ოდენობაზე მეტი თანხის ფლობა ეკრძალება; ასეთი პირისთვის ფულის ან ქონების გადაცემა ცალკე დანაშაულად ჩაითვლება და ისჯება ჯარიმით ან ხუთ წლამდე პატიმრობით.