ერთპარტიული პარლამენტი აქციების მონაწილეებზე სანქციების გამკაცრების განხილვას იწყებს
15 ოქტომბრიდან სადავო ლეგიტიმაციის პარლამენტი იწყებს განხილვას კანონპროექტის, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებულ წესებს ამკაცრებს. ცვლილებები შეეხება როგორც სისხლის სამართლის, ისე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს და იურიდიულ კომიტეტში განიხილება დაჩქარებული წესით.
ინიციატივის მიხედვით, აქციის მონაწილეს, რომელიც სახეს ნიღბით დაფარავს, თან ექნება ცრემლსადენი ან მომწამვლელი ნივთიერება, გადაკეტავს გზას ან მოაწყობს დროებით კონსტრუქციას, ემუქრება 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა. თუ ეს პირი აქციის ორგანიზატორია, სასჯელი შეიძლება გაიზარდოს 20 დღემდე.
შეკრებაში მონაწილეობა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით უნდა შეწყდეს, პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს 60 დღემდე პატიმრობას. იგივე სასჯელი შეეხება იმ პირებსაც, ვინც აქციაზე იქონიებს იარაღს, პიროტექნიკას ან საფრთხის შემცველ საგნებს. ამ ქმედებების განმეორებისას უკვე გათვალისწინებულია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა - პირველ ეტაპზე ერთ წლამდე, ხოლო განმეორებით - ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
გარდა ამისა, კანონპროექტით სისხლის სამართლის კოდექსში ჩაემატება ახალი მუხლი, რომელიც პასუხისმგებლობას დააკისრებს იმ პირს, ვინც მესამედ შეურაცხყოფას მიაყენებს სამართალდამცველს ან არ დაემორჩილება მის კანონიერ მოთხოვნას.
ინიციატორები „ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან.