"ოცნება" ვერ პასუხობს კითხვას, რატომ იყო კანონსაწინააღმდეგო აქცია, სადაც ეუთოს თავმჯდომარე მივიდა
რატომ იყო კანონსაწინააღმდეგო მიტინგი, რომელზეც ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მივიდა? "პირველების" ამ კითხვას "ოცნებაში" ვერ პასუხობენ. ამბობენ მხოლოდ იმას, რომ ელინა ვალტონენთან კობახიძის შეხვედრის გაუქმება სწორი გადაწყვეტილება იყო.
ლადო ბოჟაძე ამტკიცებს, რომ ეუთოს თავმჯდომარის რუსთაველის გამზირზე მისვლა "უკიდურესად არადიპლომატიური" ნაბიჯი იყო.
თუ ეს მოხდა, ნამდვილად კარგია, იმიტომ, რომ გუშინ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საქციელი იყო კიდურესად არადიპლომატიური და უსამართლო ჩვენი ქვეყნის მიმართ. რა თქმა უნდა, ეუთოსთან ურთიერთობა არ და ვერ გადაწყდება იმ დონეზე, რამდენად კარგად ან ცუდად მოიქცევა მინისტრი. იმის მერე, რაც ჩვენ ვიხილეთ 4 ოქტომბერს, მიდის იმ ადმაიანებთან, ვინც შტურმი მოაწყვეს პრეზიდენტის სასახლეზე და დგას ცარიელ რუსთაველზე, ვიდეოებს იღებს და აქვეყნებს, რა თქმა უნდა, ეს შეურაცხმყოფელია, - ამბობს ლადო ბოჟაძე.
ირაკლი ქადაგიშვილი კი ირწმუნება, რომ ვალტონენთან შეხვედრის გაუქმება თავმოყვარეობის საკითხი იყო.
საქართველოში პატივი უნდა სცე კანონს და იმ საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმებს ურთიერთობისა, რომელიც მთელ მსოფლიოშია მისაღები. რომ ჩამოდიხარ და მთავრობას ხვდები, ამ დროს არ უნდა მიიღო მონაწილეობა ისეთ მიტინგში, რა მიტინგიც სწორედ ემსახურება წახალისებას იმისას, რაც არის რევოლუცია, 4 ოქტომბერი, დამხობა და უკანონობის ჩადენა. როდესაც ამას შენ მიზანმიმართულად აკეთებ, რა თქმა უნდა, ყველა თავმოყვარე ხელისუფლება არს ამბობს ასეთ პერსონასთან შეხვედრაზე, - ამბობს ქადაგიშვილი.
კითხვას, რატომ იყო კანონსაწინააღმდეგო აქცია, ვერც თენგიზ შარმანაშვილი პასუხობს.
არ უნდა მიხვიდე კანონსაწინააღმდეგო მიტინგზე. მცირე რაოდენობის ადამიანებს ჰქონდათ გადაკეთილი გამზირი, - ამბობს შარმანაშვილი.
ირაკლი კობახიძემ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილი შეხვედა გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
განცხადების თანახმად, შეხვედრის გაუქმების მიზეზად ელინა ვალტონენის რუსთაველის გამზირზე, აქციის მონაწილეებთან მისვლა სახელდება.