"კობახიძე საბაბს ეძებს" - ექსპერტები ეუთოსთან დაპირისპირებაზე
ეს არ არის მიზეზი, ეს არის საბაბი, რომელიც კობახიძემ მოიხმო, - ასე აფასებენ ექსპერტები კობახიძის გადაწყვეტილებას, გააუქმოს ეუთოს თავმდჯომარესთან დაგეგმილი ვიზიტი. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენელი ალექსანდრე ბარამიძე ამბობს, რომ "ოცნების" მხრიდან ამგვარი არადიპლომატიური დემარშები გასაკვირი არ არის, თუმცა არ გამორიცხა, რომ ამ ქმედების პასუხად, ეუთომ გარკვეული ზომები მიიღოს.
ვფიქრობ, რომ ეს არ არის მიზეზი, ეს არის საბაბი, რომელიც კობახიძემ მოიხმო. რაციონალური პასუხი მას არ აქვს და ამიტომაც არის, რომ ვითომდა კანონსაწინააღმდეგო მიტინგის საბაბით უარი განაცხადა. კობახიძის და მთლიანად "ქართული ოცნების" რეჟიმის მხრიდან ამგვარი ანტიდიპლომატიური და საერთაშორისო ურთიერთობებში მიუღებელი დემარშები, რასაკვირველია, არავის უკვირს. სრული მხარდაჭერა გამოთქვა სამოქალაქო საზოგადოების და ზოგადად, ქართული საზოგადოების მიმართ და აღნიშნა, რომ გარკვეული ზომები შესაძლოა, იქნას მიღებული ეუთოს მხრიდან. გავამახვილეთ მისი ყურადღება ე.წ. მოსკოვის მქანიზმის ამოქმედების კუთხით, - ამბობს ალექსანდრე ბარამიძე.
"ევროპულ-ქართული ინსტიტუტის" დამფუძნებელი გიორგი მელაშვილი კი ამბობს, რომ საქართველოს კონსტიტუცია "კანონსაწინააღმდეგო მიტინგს" არ ცნობს, შესაბამისად, "ოცნების" ამგვარი "მიზეზი" მიუღებელია. ექსპერტი ამბობს, რომ ივანიშვილის გუნდს ჯანსაღი კრიტიკის მიღება არ შეუძლია.
მინისტრმა ვალტონენმა ბოჭორიშვილთან და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრაზე ძალიან კონკრეტულად ისაუბრა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის აუცილებლობაზე. საქართველოს კონსტიტუცია არ ცნობს კანონსაწინააღმდეგო მიტინგს და ზუსტად ამ გამოხატვის და შეკრების თავისუფლების დაცვის აუცილებლობაზე მიუთითა მინისტრმა. ვალგტონენი საქართველოში ჩამოვიდა არა ფინეთის საგარეო საქმეთა მმინისტრის, არამედ ეუთოს თავმჯდომარის რანგში, ამიტომ ძალიან აშკარაა "ქართული ოცნების" რეაქციის მიხედვით, რომ აბსულუტურად ყველაფერი, რაც მინისტრმა თქვა, არის სიმართლე და "ქართულ ოცნებას" არ შეუძლია ჯანსაღი კრიტიკის მიღება, - ამბობს გიორგი მელაშვილი.
ირაკლი კობახიძემ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილი შეხვედა გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
განცხადების თანახმად, შეხვედრის გაუქმების მიზეზად ელინა ვალტონენის რუსთაველის გამზირზე, აქციის მონაწილეებთან მისვლა სახელდება.