მოვუწოდებთ რუსეთს, 2008 წლის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები შეასრულოს - ეუთოს თავმჯდომარე საოკუპაციო ხაზს ეწვია
ეუთოს თავმჯდომარე და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საოკუპაციო ხაზს ეწვია. ამის შესახებ ის პლატფორმა X-ზე წერს.
ელენა ვალტონენმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ევროპული ინსტიტუტების ერთიან პოზიციას საქართველოს მხარდასაჭერად. ფინეთის მინისტრის თქმით, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის საქმიანობა გადამწყვეტია იმ ადგილობრივი თემებისთვის, რომლებიც რუსული ოკუპაციის ზეწოლას ყოველდღიურად განიცდიან.
მისი განცხადებით, ეუთოსა და ევროკავშირის ერთობლივი მოქმედება მიზნად ისახავს უსაფრთხოების გარემოს განმტკიცებას და რეგიონში ახალი ესკალაციის თავიდან აცილებას.
დღეს მე ვნახე ევროკავშირის მონიტორინგის მისიის შესანიშნავი მუშაობა ადგილობრივი მოსახლეობის საკეთილდღეოდ სტაბილურობის შენარჩუნების კუთხით. ეუთო და ჩვენი სპეციალური წარმომადგენელი კრისტოფ სპეტი მისიასთან ერთად მუშაობენ ამ მნიშვნელოვანი ძალისხმევის მხარდასაჭერად.
როგორც ეუთოს თავმჯდომარე, ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, როგორც ეს გათვალისწინებულია ჰელსინკის პრინციპებით.
მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები და დაიხიოს კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, - წერს ელენა ვალტონენი სოციალურ ქსელში.