"ოცნება" ისევ ყოფილებს აკრიტიკებს - რა ვერ (არ) გააკეთეს ღარიბაშვილმა და გომელაურმა?
"ქართულ ოცნების" საპარლამენტო გუნდი დილიდან ირაკლი კობახიძეს და მის გუნდს აქებს - ლევან მაჭავარიანმა პარლამენტის სესიაზე, ტრიბუნიდან კობახიძესთან ერთად, შს მინისტრი გეკა გელაძე და სუს-ის შეფი შეაქო.
ივანიშვილის გუნდის წევრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ კობახიძის გაპრემიერების შემდეგ ქვეყანა ბევრ საკითხში წინ წავიდა, მათ შორის, შემცირდა კრიმინალი და კორუფციასთან ბრძოლაც წარმატებით მიმდინარეობს.
ირაკლი კობახიძის გაპრემიერების შემდეგ, "ყველა სახელმწიფო განკარგულება არის აბსოლუტურად გამჭვირვალე"- ამტკიცებდა ივანიშვილის გუნდის წევრი.
ბატონი გეკა გელაძე რომ შეუდგა თავის საქმიანობას, თქვენ ხედავთ, თუ როგორი დაუნდობელი ბრძოლაა გამოცხადებული ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ, ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ და ზოგადად, კრიმინალის წინააღმდეგ. ასევე, ტოპ 20 ქვეყანაში დაგვასახელეს კორუფციის სიმცირის კუთხით და აქაცს ვპირდებით ჩვენს საზოგადოებას, რომ სულ რამდენიმე წელიწადში ტოპ 3 ქვეყანაში აღმოვჩნდებით. როდესაც ბატონმა კობახიძემ დაიკავა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, ყველა სახელმწიფო განკარგულება არის აბსოლუტურად გამჭვირვალე, შეიქმნა ახელმწიფო ეფექტურობის დეპარტამენტი კორუფციაზე რომელიც მუშაობს, გაძლიერდა სახელმწიფო აუდიტის სამსახური. ბატონი მამუკა მდინარაძე გახდა სუსის ხელმძღვანელი, სადაც შედის ანტიკორუფციული ბიურო და ხედავთ, თუ როგორი დაუნდობელი ბრძოლაა გამოცხადებული კორუფციის წინააღმდეგაც, - თქვა მჭავარიანმა სესიაზე.
განახლება:
ლევან მაჭავარიანის შემდეგ უკვე "ოცნების" სხვა წევრებიც ალაპარაკდნენ, რომ ყოფილ ლიდერებზე მეტად, მოქმედი ლიდერებით არიან კმაყოფილები.
გია ვოლსკი პირდაპირ ამბობს, რომ ღარიბაშვილზე მეტად გუნდში კობახიძე მოსწონთ.
ირაკლი კობახიძე უფრო ეფექტურად მიიჩნია გუნდმა, ვიდრე ირაკლი ღარიბაშვილი. თუმცა, ვერც ვახტანგ გომელაურზე ვიტყვით, რომ იგი არ იყო აქტიური. თქვენ გახსოვთ ფაქტები ორანიზაებული დანაშაულების მეთაურები და თუნდაც ეს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ რამდენი რეიდი და ღონისძიება ჩატარდა. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ახალი ენერგია ყოველთვის საჭიროა, - ამბობს ვოლსკი.
შოთა ხაბარელი კი ამბობს, რომ ეს პროგრესია და "ოცნება" "წინ მიდის".
ისინი ძალიან კარგად მუშაობდნენ, მაგრამ ხომ იცი, პროგრესია, უფრო წინ მივდივართ, - ამბობს შოთა ხაბარელი.
ირმა ზავრადაშვილიც მიიჩნევს, რომ მოქმედი ლიდერების პირობებში კანონდამრღვევების წინააღმდეგ მიდგომები გამკაცრდა.
გამკაცრდა კანონდამრღვევების წინააღმდეგ ნებისმიერ შემთხვევაში, იქნება ის ოპოზიციის წარმომადგენელია, ხელისუფლების ყოფილი წარმოამდგენელია თუ ხელისუფლების მოქმედი წარმომადგენელია, - ამბობს ირმა ზავრადაშვილი.