“ოცნება” აპირებს, იმ პირებსაც აუკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა, ვინც არცერთი პარტიის წევრი არაა
„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის ფარგლებში, პოლიტიკური აკრძალვების მექანიზმი კონკრეტულ პირებზეც გავრცელდება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინება იმ ადამიანების სია, რომელთაც პოლიტიკური აქტივობა უნდა აეკრძალოთ.
გორდულაძის თქმით, სიაში აღმოჩნდებიან არა მხოლოდ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, არამედ ის პირებიც, ვინც ივანიშვილის პარტიის შეფასებით, „სრულ თანხვედრაში არიან ასაკრძალი პარტიების მიზნებთან“ და მათ საქმიანობაში ეხმარებიან.
„პირთა სია, რა თქმა უნდა, იქნება დასაბუთებული, თუ კონკრეტულად რომელი პირი რა მოქმედებაში იყო ჩართული და რანაირად უწყობდა ხელს კონკრეტული პარტიის ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს. თუ საკონსტიტუციო სასამართლო გაიზიარებს მოსარჩელის არგუმენტებს, რა თქმა უნდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება მიღებული გადაწყვეტილება ყოველი კონკრეტული პირის შემთხვევაში და არა კრებსითად.
პირდაპირ არის ჩამოთვლილი თუ ვინ უნდა იყვნენ ეს პირები. კრებსითად ესენი არიან: [პარტიის] წევრები, მმართველი რგოლების წარმომადგენლები ან შესაძლებელია, რომ საერთოდ არ იყვნენ პარტიის წევრები ანუ პარტიული ბილეთი ჯიბეში არ ედოთ, მაგრამ მათი საქმიანობით სრულად თანხვედრაში იყვნენ პარტიის მიზანთან ან პარტიის პოლიტიკის პრაქტიკაში გატარებას უზრუნველყოფდნენ. შესაბამისად, ამ პირებსაც აეკრძალებათ პოლიტიკური აქტიურობები და სხვადასხვა უფლებამოსილება, რომლითაც სხვები სარგებლობენ.
თითოეულ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია იმსჯელოს და მიიღოს გადაწყვეტილება აკრძალვის და უფლებების შეზღუდვის თაობაზე ან არ შეზღუდვის თაობაზე. ეს იქნება დამოკიდებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე სასამართლო განხილვის პროცესზე, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენი სარჩელი იმდენადაა გამტკიცებული მტკიცებულებებით და იმდენად ცალსახაა, რომ თითოეული პირის თუ პარტიის აფილირება „კოლექტიურ ნაცმოძრაობასთან“ და გაწევრიანებულია „კოლექტიურ ნაცმოძრაობაში“, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ალბათობის უმაღლესი ხარისხით მიიღებს დადებით გადაწყვეტილებას და სარჩელს დააკმაყოფილებს“, – განაცხადა გორდულაძემ.
„ქართული ოცნება“ ამზადებს სარჩელს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა წარადგინოს - მისი მიზანია იმ პოლიტიკური ძალებისა და პირების არაკონსტიტუციურად გამოცხადება, რომლებსაც ხელისუფლება ე.წ. „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ მიაკუთვნებს.
ამასთან ერთად, პარლამენტში პარალელურად მიიღება საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც საშუალებას აძლევს ხელისუფლებას აკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა ყველასთვის, ვისაც მმართველი გუნდი მიიჩნევს კონსტიტუციის პრინციპების დამრღვევ პარტიებთან დაკავშირებულად.