სიაში უნდა იყოს ენმ-ს დროს ყველა პოლიტიკური თანამდებობის პირი – ვის აკრძალვას გეგმავს "ოცნება"
„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ლადო ბოჟაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვა უნდა გავრცელდეს ყველა იმ პირზე, ვინც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდში იკავებდა პოლიტიკურ თანამდებობას.
ბოჟაძემ აღნიშნა, რომ ასეთი პირები ქვეყნის იმ რეჟიმის „შემოქმედები და შემსრულებლები“ იყვნენ, რომელიც, მისი თქმით, „დემოკრატიულ პრინციპებს არღვევს“. დეპუტატის აზრით, აკრძალვის სიაში უნდა მოხვდნენ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ყოფილი მინისტრები დავით კეზერაშვილი, ზურაბ ადეიშვილი, ასევე პოლიტიკოსები გიგა ბოკერია და ზურა ჯაფარიძე.
მისივე თქმით, მსგავსად უნდა შეფასდეს ყველა ყოფილი დეპუტატი და მინისტრი, ვინც იმ პერიოდში მონაწილეობდა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში.
იქნებიან ის ადამიანები, ვინც ნაციონალური მოძრაობის დროს იმ რეჟიმის უშუალო შემოქმედები იყვნენ, მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილი, ადეიშვილი, კეზერაშვილი. კომისიის დროს დავიბარებდი გიორგი ბარამიძეს.
ვფიქრობ, რომ ნაციონალური მოძრაობის დროს ყველა, ვისაც ჰქონდა პოლიტიკური თანამდებობა, დეპუტატები, მინისტრები და ა.შ., ყველა ამ სიაში უნდა მოხვდეს იმიტომ, რომ ეს ადამიანები იყვნენ შემსრულებლებიც და ორგანიზატორებიც რეჟიმისა, რომელიც იყო ჩვენს ქვეყანაში.
მე შემიძლია განვსაზღვრო, რომ, მაგალითად, ზურა გირჩი ჯაფარიძე არის არა მხოლოდ გირჩის ლიდერი, არამედ იყო ენმ-ს ლიდერი. მაგალითად, გიგა ბოკერია. 2012 წლის შემდეგ ენმ-ს ჰქონდა დაშლის და გაშლის გეგმა, - თქვა ბოჟაძემ TV პირველთან.
„ქართული ოცნება“ ამზადებს სარჩელს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა წარადგინოს - მისი მიზანია იმ პოლიტიკური ძალებისა და პირების არაკონსტიტუციურად გამოცხადება, რომლებსაც ხელისუფლება ე.წ. „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ მიაკუთვნებს.
ამასთან ერთად, პარლამენტში პარალელურად მიიღება საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც საშუალებას აძლევს ხელისუფლებას აკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა ყველასთვის, ვისაც მმართველი გუნდი მიიჩნევს კონსტიტუციის პრინციპების დამრღვევ პარტიებთან დაკავშირებულად.