სკანდალი: ეუთოს თავმჯდომარე ამბობს,რომ კობახიძესთან შეხვედრა მან გააუქმა და არა პირიქით
სკანდალი - გავლენიანი ფინური გამოცემის, Helsingin sanomat -ის ცნობით, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ელინა ვალტონენმა ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა თავად გააუქმა და არა ქართულმა მხარემ.
ვალტონენი ტელეფონით გვიყვება, რომ პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან შეხვედრა არ გაუქმებულა საქართველოს ინიციატივით, არამედ ის გაუქმდა ფინეთის ინიციატივით, გრაფიკის ცვლილების გამო და ამის შესახებ ქართველებს გუშინ ღამით აცნობეს - წერს გამოცემა.
Helsingin sanomat-ის თანახმად, ვალტონენი უარყოფს საქართველოს მთავრობის მტკიცებას, რომ მან მონაწილეობა მიიღო რაიმე საარჩევნო ღონისძიებაში ან გაავრცელა რაიმე ცრუ ინფორმაცია.
„მე იქ მივედი საქართველოში კვირების და თვეების განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციების სანახავად. მინდოდა გამომეხატა ჩემი მხარდაჭერა გამოხატვის თავისუფლების მიმართ"- ციტირებს გამოცემა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს.
ჟურნალისტმა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს ჰკითხა, რას ფიქრობს საქართველოს მთავრობის რეაქციაზე?
„ეს საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია, თუ როგორ რეაგირებენ ისინი. სამწუხაროდ, აზერბაიჯანში ჩასასვლელად მომიწია პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის გაუქმება.“ - ამბობს ელინა ვალტონენი.
რამდენიმე საათის წინ საქართველოს მთავრობის ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა განცხადება, რომ ირაკლი კობახიძემ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა "გუშინ, კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობისა და ცრუ განცხადებების გაკეთების გამო გააუქმა".
ცნობისთვის, ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელინა ვალტონენი ბაქოში იმყოფება, სადაც პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა.
„კარგი დისკუსიები მქონდა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან ბაქოში“, - წერს ელინა ვალტონენი სოციალურ პლატფორმა X-ზე.