ვენეციის კომისია "ოცნების" მიერ მიღებულ კანონებზე კრიტიკულ მოსაზრებას აქვეყნებს

15.10.25 17:00
ვენეციის კომისია "ოცნების" მიერ მიღებულ კანონებზე კრიტიკულ მოსაზრებას აქვეყნებს

ვენეციის კომისია აქვეყნებს მოსაზრებას "ქართულ FARA-ზე", გრანტების კანონში შეტანილ შესწორებებზე, მაუწყებლის კანონის ცვლილებებსა და პოლიტიკური გაერთიანებების კანონში შეტანილ ცვლილებებზე. ამის შესახებ "პირველებს" ევროსაბჭოს პრესამსახურიდან აცნობებს.

კომისიამ აღნიშნა, რომ ქართული FARA-ს სიცხადისა და სიზუსტის ნაკლებობა ძირს უთხრის სამართლებრივი დარწმუნებულობის პრინციპს.

კომისიის თანახმად, კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელი ანტიკორუფციული ბიურო ზედმეტად ფართო დისკრეციით არის აღჭურვილი და მას არ გააჩნია დამოუკიდებლობის საკმარისი გარანტიები.

კომისიამ რეკომენდაცია გაუწია აღნიშნული საკანონმდებლო აქტების გაუქმებას და და უკვე არსებული ჩარჩოს გაუმჯობესებას.

"ქართული FARA" 

შეფასების დასკვნაში აღნიშნულია, რომ ტერმინები: "უცხოური პრინციპალი", "უცხოური პრინციპალის აგენტი" და "პოლიტიკური საქმიანობა" არაცხადია და მათი "სიცხადისა და სიზუსტის ნაკლებობა ძირს უთხრის განჭვრეტადობასა და სამართლებრივ განსაზღვრულობას". 

კომისიის თანახმად, კანონის სიზოგადე "საშუალებას იძლევა განურჩევლად იყოს გამოყენებული, ადამიანთა ფართო სპექტრზე, იმისდა მიუხედავად, არსებობს თუ არა რეალური აგენტური კავშირი უცხოელ აქტორთან, რაც არ არის არც აუცილებელი და არც პროპორციული".  აღნიშნულია, რომ "უცხოური პრინციპალის აგენტის" იარლიყი არის "თავისი არსით სტიგმატიზაციის გამომწვევი და ზღუდავს გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას."

 "უცხოური პრინციპალის აგენტებისთვის" დაწესებული ვალდებულებები, რაც მოიცავს მუდმივი ანგარიშების წარდგენასაც, არის "ფორმირებული ფართო და გაურკვეველი სახით," რაც "წარმოადგენს შემზღუდველ და არაპროპორციულ ტვირთს, რომელიც სამოქალაქო ჩართულობის წახალისებას ზღუდავს". დამატებულია, რომ აღსრულების ძალაუფლება არის ანტიკორუფციული ბიუროს ხელში, რომელსაც "არ აქვს დამოუკიდებლობისა და პოლიტიკური ნეიტრალურობის საკმარისი გარანტიები"- წერს კომისია. 

ტექსტში აღნიშნულია, რომ დანაშაულად შესაძლოა მოიაზრებოდეს ქმედებათა ფართო სპექტრი, სასჯელი კი არაპროპორციულია, რაც კანონის ბოროტად გამოყენების საფრთხეს აჩენს.

ვენეციის კომისია წერს, რომ "ქართულ FARA" ქმნის "კანონის უზენაესობის, სამოქალაქო სივრცისა და დემოკრატიული თავისუფლებისთვის ძირის გამოთხრის საფრთხეს." მისი უცხოური გამჭვირვალობის კანონის პარალელურად მიღება, კი იწვევს გაურკვევლობას. ვენეციის კომისია კანონის გაუქმების რეკომენდაციით გამოდის. 

გრანტების კანონში შეტანილი შესწორებები

ვენეციის კომისიის შეფასებით, კანონი დისკრიმინაციული გამოყენების  ფართო სივრცეს ტოვებს. მათივე შეფასებით, ეს შესწორებები არ განმარტავს უცხოური გრანტის მიღებაზე უარის თქმის მკაფიო და ობიექტურ კრიტერიუმებს.

ვენეციის კომისიის შეფასებით, საჭიროა ამ ცვლილებათა გაუქმება, ან, სულ მცირე შემთხვევაში, საფუძვლიანი გადახედვა.

"ბიუროს საგამოძიებო და აღსრულების გადაჭარბებული ძალაუფლება, მათ შორის დაუყოვნებელი კონფისკაციის ბრძანების გაცემის ძალა, შეზღუდულ პროცედურულ ვადებთან და არაპროპორციულ სასჯელებთან ერთად, კიდევ უფრო უთხრის ძირს სამართლიანობისა და სათანადო სამართლებრივი პროცესის პრინციპებს." - წერია შეფასებაში.

მაუწყებლის კანონის ცვლილებები

 

განცხადების თანახმად, ცვლილებებით განსაზღვრულია მაუწყებლებისთვის უცხოური დაფინანსების სრული აკრძალვა, ისე, რომ "უცხო ძალა" ძალიან ფართოდ არის განმარტებული.

ვენეციის კომისიის ცნობით, შეზღუდვა ვერ განასხვავებს დაფინანსებას, რომელიც რეალურად უქმნის საფრთხეს დემოკრატიულ მთლიანობას და დაფინანსებას, რომელიც ეხმარება ლეგიტიმურ ჟურნალიზმსა და სამოქალაქო აქტიურობას და არ განიხილავს ნაკლებად შემზღუდავ ალტერნატივებს.

ეს ძირს უთხრის მედია პლურალიზმს და არ აკმაყოფილებს აუცილებლობისა და პროპორციულობის სტანდარტებს. შესაბამისად, რეკომენდირებულია ამ ცვლილების გაუქმება"- წერს ვენეციის კომისია

ცვლილებები პოლიტიკური გაერთიანებების კანონში 

 

- უცხოური დაფინანსების შეზღუდვის ნაწილი.

რაც შეეხება ორგანულ კანონს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ, მისი ცვლილებები სრულად უკრძალავს პოლიტიკურ პარტიებს, მიიღონ არამატერიალური მხარდაჭერა, როგორიცაა უფასო ლექციები ან სემინარები საქართველოში ან საზღვარგარეთ მყოფი იურიდიული პირებისგან ან ასოციაციებისგან. მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებების მიზანია არსებული ხარვეზების აღმოფხვრა, ეს უცხოური დაფინანსების ფართო შეზღუდვის ნაწილია. რადგან პოლიტიკური პარტიები თამაშობენ მთავარ როლს მმართველობაში, მსგავსი ზომები ეროვნული დისკრეციის დასაშვებ ფარგლებში ხვდება.


ვენეციის კომისიის დამატებითი რეკომენდაციები:

 

  • შეიმუშავეთ სისტემური მიდგომა ერთდროულად მოქმედი და პარალელურად გამოყენებადი რამდენიმე საკანონმდებლო აქტის მიღებისგან თავის შესაკავებლად;
     
  • შეამცირეთ მოქმედების სივრცე მნიშვნელოვანი ტერმინების მკაფიო განმარებებითა და აღმასრულებელი უწყებების დისკრეციის შეზღუდვით, რათა გარანტირებული იყოს კანონის გამოყენება მხოლოდ მაშინ, როცა ეროვნული უსაფრთხოების დემონსტრირებადი და სპეციფიკური საფრთხე არსებობს;
     
  • თავი აარიდეთ სტიგმატიზაციის გამომწვევი ტერმინოლოგიის, "უცხოური პრინციპალის აგენტის" ან ნებისმიერი ექვივალენტის, გამოყენებას და ამოიღეთ ნებისმიერი სახის ვალდებულება ინდივიდებისთვის ან ორგანიზაციებისთვის, გამოსახონ ან გამოაცხადონ ეს იარლიყი საკუთარ მატერიალებზე;

  • შეზღუდეთ [რედ. - აგენტად] გამოცხადებულ სუბიექტებზე დაწესებული ვალდებულებები მკაცრად საჭირო და პროპორციულ ზომებამდე, რათა მიღწეულ იქნას ლეგიტიმური მიზნები, ადმინისტრაციული ტვირთისა და არაპროპორციული შეზღუდვების თავის არიდებით;

  • უზრუნველყავით, რომ სასჯელი იყოს ცხადად განსაზღვრული, აუცილებელი და პროპორციული და ექნება თვითნებური აღსრულების შეზღუდვისა და სამართლებრივი განსაზღვრულობისა და განჭვრეტადობის პრინციპების დაცვის გარანტიები;

  • დანერგეთ ძლიერი პროცედურული გარანტიები, მათ შორის დამოუკიდებელი აღსრულების ორგანოები, შეტყობინების ცხადი მოთხოვნები და ეფექტური საშუალებები ნებისმიერი გამოცხადების, ზომის ან სასჯელის გასაჩივრებისთვის.

მსგავსი სიახლეები