ოპოზიციის აკრძალვის გეგმა - კობახიძე "ნაცმოძრაობას" და "ახალს" ასახელებს
რომელი პარტიების აკრძალვას გეგმავს "ოცნება" - ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, რომ სია მას შემდეგ გახდება ცნობილი, როცა სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შევა.
მისი თქმით, სიაში იქნებიან ისეთი პარტიები, რომლებიც წინა ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ და ახლა კონკრეტული პარტიების ხელმძღვანელები არიან, მაგალითად: "ნაციონალური მოძრაობა" და "ახალი".
კობახიძემ აღნიშნა, რომ სიაში შესაძლოა 10-მდე პარტია მოხვდეს.
სიაზე დავკონკრეტდეთ მოგვიანებით მითუმეტეს, რომ მიმდინარეობს ახლაც მუშაობა სარჩელზე. ამიტომ ზუსტი სია გახდება ცნობილი რამდენიმე დღეში, როდესაც სარჩელი შევა უკვე ოფიციალურად საკონსტიტუციო სასამართლოში.
გეტყვით რა არის პრინციპი. პრინციპი არის შემდეგი: პირველი, როდესაც პარტია შედგება იმ ადამიანებისგან, რომლებიც წარმოადგენდნენ სისხლიან რეჟიმს, რა თქმა უნდა, მათ შეეხება შესაბამისი სარჩელი, მარტივად რომ ვთქვათ, პირდაპირ ვინ იყვნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც არიან დღეს კონკრეტული პარტიების ხელმძღვანელები, ეს არის "ნაცმოძრაობა", ეს არის იგივე "ახალი", არის რამდენიმე სხვა მცირე პარტია, ასეთები არიან.
მეორე კრიტერიუმი არის რა, ვინც ამ სისხლიან პარტიასთან, ძალასთან ერთად ჩართული იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟში წლების მანძილზე, განგრძობითად, მათაც შეეხება ეს სარჩელი.
შეიძლება იყოს 10-მდე პარტია, ვნახოთ," - განაცხადა კობახიძემ.
- "ოცნება" საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონში რიგი ცვლილებების შეტანას გეგმავს - როგორც ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, მალე მზად იქნება წულუკიანის კომისიის დასკვნაზე დაყრდნობით მომზადებული სარჩელი, რომელიც პარტიების აკრძალვას ეხება და საკონტიტუციო სასამართლოში წარადგენენ.
- გარდა ამისა, "ოცნება" პარლამენტში აპირეს ახალი კანონის მიღებას დაჩქარებული წესით, რაც საკონტიტუციო სასამართლოს მიერ უკვე გაუქმებულ პარტიას შეეხება.
- კერძოდ, როგორც ივანიშვილის გუნდში ამბობენ, პოლიტიკოებს, რომლებიც გაუქმებულ პარტიებში იქნებიან, პოლიტიკაში ყოფნაც აეკრძალებათ.