ეუთოს თავმჯდომარე გაუქმებული შეხვედრის შემდეგ კობახიძეს მიმართავს
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ელინა ვალტონენი სოციალურ ქსელში ღია წერილს აქვეყნებს და ირაკლი კობახიძეს მიმართავს.
ელინა ვალტონენი "ქართული ოცნების" პრემიერმინისტრს ბოდიშს უხდის, რომ საქართველოში ვიზიტის დროს, გადატვირთული გრაფიკის გამო, შეხვედრა გაუუქმა.
ამასთან, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ "საქართველოს მომავალი მხოლოდ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია" და ირაკლი კობახიძეს ფინეთში იწვევს, რათა თავისუფალ პრესას შეხვდეს და მისთვის სასურველ, ნებისმიერ დემონსტრაციას დაესწროს.
პრემიერმინისტრo კობახიძე,
საქართველოს მომავალი მხოლოდ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. იგივე ეხება ეუთოს ყველა მონაწილე სახელმწიფოს. იმისათვის, რომ ხალხმა შეძლოს ამ უფლების გამოყენება, მათ სჭირდებათ სიტყვის თავისუფლება და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები პოლიტიკური ალტერნატივებით.
ჰელსინკის საბოლოო აქტი (1975):
- [მონაწილე სახელმწიფოები] იღებენ ვალდებულებას, ხელი შეუწყონ და წაახალისონ ყველა ინდივიდისთვის სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და სხვა უფლებებისა და თავისუფლებების ეფექტური განხორციელება.
- ისინი ადასტურებენ, რომ ეს უფლებები და თავისუფლებები ადამიანის თანდაყოლილი ღირსებიდან გამომდინარეობს და აუცილებელია თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოებების განვითარებისთვის.
ამ სულისკვეთებით, როგორც ეუთოს თავმჯდომარე და ამ დოკუმენტის ხელმოწერიდან 50 წლის შემდეგ, გეპატიჟებით, ჩამოხვიდეთ ფინეთში, შეხვდეთ თავისუფალ პრესას და დაესწროთ თქვენთვის სასურველ ნებისმიერ დემონსტრაციას.
P.S. ბოდიშს გიხდით, რომ ჩვენი შეხვედრა თბილისში გადატვირთული გრაფიკის გამო გავაუქმე," - წერს ელინა ვალტონენი.
ცნობისთვის, მანამდე საქართველოს მთავრობის Facebook გვერდზე გავრცელდა განცხადება, რომ ირაკლი კობახიძემ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა "კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობისა და ცრუ განცხადებების გაკეთების გამო გააუქმა".