პოლიტიკაში მარტო დარჩენის გეგმა - "მათ [ოპოზიციას] პასუხი გაეცემათ"

16.10.25 12:25
პოლიტიკაში მარტო დარჩენის გეგმა - "მათ [ოპოზიციას] პასუხი გაეცემათ"

კახა კალაძემ დღეს ოპოზიცია აგენტურულ ქსელად მოიხსნებია და იმუქრებოდა, რომ "მათ შესაბამისი პასუხი გაეცემათ".

მისი თქმით, ასეთი პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური პარტიების ადგილი ქვეყანაში არ არის.

„არიან კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკოსები, რომლებიც წარმოადგენენ აგენტურულ ქსელს ქვეყანაში, რომლებიც არიან მოღალატეები, ემსახურებიან სხვა ქვეყნის ინტერესებს და ასრულებენ გარედან მითითებებსა და დავალებებს. რა თქმა უნდა, ასეთი პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური პარტიების ადგილი ქვეყანაში არ არის.

შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ "ქართული ოცნება" პარტიებს "დემოკრატიის გადასარჩენად" კრძალავს.

"ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე ირწმუნება, რომ პოლიტიკურმა ჯგუფმა, მათ შორის „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი თავი უკვე დააყენა დემოკრატიული ოპოზიციის ზღვარს მიღმა იმით, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო და აპირებდა 4 ოქტომბერს ხელისუფლების დამხობას.

„თუ გვინდა, რომ ქართული დემოკრატია გადარჩეს, ქართული დემოკრატია განვითარდეს, არ უნდა დავტოვოთ სივრცე რადიკალი ანტიკონსტიტუციური ძალებისთვის და სწორედ ამას ემსახურება საკონსტიტუციო სარჩელი, რომლის უკანაც დგას მილიონ ას ოცი ათასი ამომრჩეველი, რომელმაც შარშან არჩევნებში ზუსტად ამ იდეას დაუჭირა მხარი. მიზანი არის ზუსტად ეს, რომ დავიცვათ ჩვენი დემოკრატია რადიკალი, ექსტრემისტი, ანტიკონსტიტუციური ძალებისგან. რაც შეეხება ინსინუაციებს - ექსტრემისტული ძალა ვერ იქნება ოპოზიცია, ეს ერთმანეთს ეწინააღმდეგება, ექსტრემისტები არიან ექსტრემისტები და რამდენიმე პოლიტიკურმა ჯგუფმა, მათ შორის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი თავი უკვე დააყენა დემოკრატიული ოპოზიციის ზღვარს მიღმა იმით, რომ არ მონაწილეობდა არჩევნებში, იმით, რომ აპირებდა 4 ოქტომბერს ხელისუფლების დამხობას. ასე რომ, „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან ალიანსში მყოფი სხვა მსგავსი ჯგუფები არ არიან ოპოზიცია, ეს არიან ექსტრემისტული, ანტიკონსტიტუციური, რადიკალი ჯგუფები. ჩვენი მიზანია, რომ სარჩელით მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, ეს ჩვენი ვალდებულებაა, რომლის უკანაც არის ხალხის მიერ მონიჭებული მანდატი. შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ განსაჯოს, ვის რა ეკუთვნის, ვის რა არ ეკუთვნის, ვინ რა დაარღვია ან არ დაარღვია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პარტიების ამკრძალავ კანონპროექტს "ოცნების" დეპუტატებმა რამდენიმე წუთის წინ კიდევ ერთხელ უყარეს კენჭი. ის უკვე მეორე მოსმენით არის მიღებული.  

მსგავსი სიახლეები