"ოცნება" ყოფილი გუნდელების წინააღმდეგ - ივანიშვილის გუნდი ხმაურიანი დაკავებებისთვის ემზადება?
"ქართული ოცნება" ყოფილი გუნდელების წინააღმდეგ - ირაკლი კობახიძის განცხადებამ, რომლის მიხედვითაც 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორებთან "ოცნების" გუნდის ყოფილი წევრი თანამშრომლობდა და აღნიშნული პირი ლევან ხაბეიშვილს თანხას ურიცხავდა დღის მთავარ პოლიტიკურ თემად იქცა.
ოპოზიციისა და ექსპერტების ნაწილს გაუჩნდა განცდა, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდი, ყოფილი თანაგუნდელების დაკავებისთვის ემზადება.
"პირველები" შეეცადა "ოცნების" ლიდერებისგან მიეღო პასუხი, ვის გულისხმობდა ირაკლი კობახიძე და ვის დაკავებას უნდა ელოდოს საზოგადოება.
"ქართული ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სახელების და გვარების დასახელებისგან თავს იკავებს, თუმცა აღნიშნავს, რომ "მიმდინარეობს იმ ადამიანების გამოვლენა, რომლებიც ამ ძალადობაში იყო ჩართული, მათ შორის, იქნება ეს მოძალადე უშუალოდ, შემგულიანებელი, ორგანიზატორი თუ ა.შ.".
პრემიერმინისტრი საუბრობდა ზუსტად იმავე ხალხზე, ვიზეც საუბრობდა ხაბეიშვილი და მისი პარტიის წევრები. აქ სიღრმეებში შესვლა საჭირო აღარ არის, მთავარი არის რომ ხელისუფლების გადატრიალების გეგმა ჩაიშალა, მიდის გამოვლენა ყველასი, ვინც ამ ძალადობაში იყო ჩართული, მათ შორის, იქნება ეს მოძალადე უშუალოდ, შემგულიანებელი, ორგანიზატორი თუ ა.შ. ყველაფერს დაერქმევა თავის სახელი.
ყველა, ვისაც ჩადენილი აქვს სისხლის სამართლის დანაშაული, რა თქმა უნდა, ყველას გამოვლენა არის ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურების მიზანი. ყველა, ვისაც ჩადენილი აქვს სისხლის სამართლის დანაშაული და განსაკუთრებით დანაშაული საკუთარი ქვეყნის წინაშე.
არა, რა თქმა უნდა [არ მივანიშნებ ღარიბაშვილზე და ლილუაშვილზე], რა შუაშია. ეს არის ზუსტად აბსურდი, თქვენ გინდათ რაღაცები მიაკეროთ ამ გამონათქვამებს, ზუსტად ეს არის მთავარი მანიპულაცია, არსად არ თქმულა," - განაცხადა პაპუაშვილმა.
კახა კალაძე კი დღეს ჟურნალისტებს უკტკიცებდა, რომ 4 ოქტომბრის მოვლენებში "ოცნების" ყოფილი წევრებისშესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით გუშინ, ირაკლი კობახიძისგან მოისმინა.
კახა კალაძე არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა ირაკლი კობახიძემ მასზე მეტი იცოდეს - "პრემიერმინისტრია და ცხადია უფრო მეტი ინფორმაცია აქვს".
არ ვიცი, ვერ გეტყვით, არ მაქვს ინფორმაცია. შეიძლება ირაკლიმ [კობახიძემ] უფრო მეტი იცის და არც გამოვრიცხავ, პრემიერმინისტრია და ცხადია უფრო მეტი ინფორმაცია აქვს.
დავანებოთ თავი ამ სპეკულაციებს ძალიან გთხოვთ [კითხვაზე ლილუაშვილზე და ღარიბაშვილზე ხომ არ მიანიშნებდა კობახიძე].
დამხობას რაც შეეხება, ვინც აორგანიზებდა, შემსრულებელი იყო, ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი. ამაზე გამოძიება დაწყებულია, ვისაც აქვს ბრალი აღნიშნულ გადატრიალების მცდელობაში, პროცესი რომელიც მიმდინარეობდა პრეზიდენტის სასახლესთან შტურმით, ყველას გაეცემა პასუხი, დაელოდეთ.
დაანებეთ სპეკულაციებს თავი," - ამბობს კახა კალაძე.