სკანდალი: კაცი რომელიც "ოცნებამ" უცხოელ დამკვირვებლად გაასაღა, რეალურად მესაფლავე აღმოჩნდა

16.10.25 14:38
სკანდალი: კაცი რომელიც "ოცნებამ" უცხოელ დამკვირვებლად გაასაღა, რეალურად მესაფლავე აღმოჩნდა

სკანდალი: კაცი რომელიც "ოცნებამ" უცხოელ დამკვირვებლად გაასაღა, რეალურად მესაფლავე აღმოჩნდა - “მითების დეტექტორმა” შეისწავლა ღია წყაროებით ხელმისაწვდომი მონაცემები იმ დამკვირვებლების შესახებ, რომელთა ციტატებსაც საარჩევნო პროცესის გამართულად მიმდინარეობასთან დაკავშირებით პროსახელისუფლებლო მედია 2025 წლის 4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად აქვეყნებდა.

დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა, რომ ივ მარი ჟორჟ რობერტ ალფი ხელმძღვანელობს სამგლოვიარო სერვისების კომპანია Caritas Obsèques-ს და სადამკვირვებლო საქმიანობასთან მისი კავშირი ღია წყაროებში არ ფიქსირდება.  

“მითების დეტექტორმა” ღია წყაროებით მის მიერ რომელიმე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების შესახებ გამოქვეყნებულ შეფასებას ან განცხადებას ვერ მიაკვლია.

ივ მარი ჟორჟ რობერტ ალფი, რომელიც სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მედიებში (იმედი, პოსტვ, რადიო იმედი, ინფო 9, Newshub, რეპორტიორი) მოიხსენიება, როგორც “საერთაშორისო დამკვირვებელი“, სინამდვილეში, კერძო ბიზნესის სფეროს წარმოადგენს. “მითების დეტექტორმა” ღია წყაროებით  მის მიერ რომელიმე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების შესახებ გამოქვეყნებულ შეფასებას ან განცხადებას ვერ მიაკვლია. მისი პროფესიული საქმიანობა არა  პოლიტიკურ, საარჩევნო ან საერთაშორისო მონიტორინგის სფეროებთან, არამედ საფრანგეთში სამგლოვიარო სერვისების ინდუსტრიასთან არის დაკავშირებული.

ივ მარი ალფი  კომპანია Caritas Obsèques-ს ხელმძღვანელობს. აღნიშნული კომპანია სპეციალიზდება სამგლოვიარო მომსახურებებში, მათ შორის, დაკრძალვის ორგანიზაციული საკითხების, რიტუალური და ემოციური მხარდაჭერის უზრუნველყოფაში. ღია წყაროებით ხელმისაწვდომი ცნობებით, ივ ალფი არ არის დაკავშირებული პოლიტიკურ ორგანიზაციებთან, პარტიებთან ან სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან. მისი საქმიანობა ფოკუსირებულია სამგლოვიარო სერვისების მართვაზე, სიცოცხლისა და სიკვდილის თემებისადმი მეტაფიზიკურ დამოკიდებულებაზე. კომპანიის საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ალფი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ოჯახურ და ქრისტიანულ ღირებულებებს. მას ექვსი შვილი ჰყავს და აღნიშნავს, რომ იზიდავს ოჯახური კავშირები და დახმარების გაწევა ოჯახის წევრებისთვის რთულ მომენტებში, რაც მისი მუშაობის სტილზეც აისახება. იგი ცდილობს, რომ მორალური, სულიერი მხარდაჭერა შესთავაზოს გარდაცვლილთა ოჯახებს."- წერს მითების დეტექტორი. 

ირკვვა, რომ ივ ალფი თბილისში ვიზიტითაც იმყოფებოდა, რომლის ფარგლებშიც ის სარიტუალო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

ანგელისის სარიტუალო ბიუროს (Pompes funèbres Angelis) ფეისბუქ და ვებ-გვერდზე ეს ინფრომაიცა ხელმისაწვდომია. ის ვიზიტის ფარგლებში სოფლის მეურნეობისა და საგარეო საქმეთა მინისტრებსაც შეხვდა.

“ის ეწვია თბილისში რამდენიმე სასაფლაოს და ადგილობრივ ხელისუფლებასთან გაცვალა მოსაზრებები დაკრძალვის მემკვიდრეობის მენეჯმენტის შესახებ. ასევე, პატივი ჰქონდა, შეხვედროდა სოფლის მეურნეობისა და საგარეო საქმეთა მინისტრებს…”  – აღნიშნულია პოსტში, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან ერთად გადაღებული ფოტოც ერთვის.

პოსტს დართული აქვს ასევე ფოტოები, რომლებზეც ივ ალფი ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბეიჯით სასაფლაოზე იმყოფება. 

კიდევ ვინ მოხვდა "ოცნების" დამკვირვებელთა სიაში:

  • ფრანკ პენგამი პლატფორმა Géopolitique Profonde-ის თანადამფუძნებელია; 2024 წელს დამკვირვებელი იყო რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე, მათ შორის, დონბასში;
  • ფრანსუა-ქსავია ჟიკელი ორგანიზაცია SOS Chrétiens d’Orient-ის ყოფილი დირექტორია; სავარაუდოდ, აფინანსებდა ასადის რეჟიმის მილიციას; 2011 წელს ულტრამემარჯვენე პარტიიდან ნაცისტური მისალმების გამო გარიცხეს. ჟიკელი საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებსაც აკვირდებოდა; 
  • პოლონელი დამკვირვებლები, პატრიკ იგნაშჩაკი და  ბეატა ტროჩანოვსკა ულტრამემარჯვენე იდეოლოგიის მქონე ორგანიზაცია Ordo Iuris-თან არიან დაკავშირებული, რომელიც, თავის მხრივ, ბრაზილიურმა ორგანიზაციამ TFP (Tradição, Família e Propriedade) დააფუძნა. ეს ორგანიზაცია თანამშრომლობს სტრუქტურებთან, რომლებიც რუსი ოლიგარქის, კონსტანტინ მალოფეევის ფონდიდან ფინანსდებიან;
  • ლორან ოზონი ფრანგი ანალიტიკოსია, რომელიც  ხშირად აკრიტიკებს დასავლურ პოლიტიკურ სისტემას, ლიბერალურ დემოკრატიას, გლობალიზმსა და დასავლეთის სამხედრო ალიანსებს, განსაკუთრებით კი NATO-სა და აშშ-ის გეოპოლიტიკურ გავლენას. უკრაინელებს უწოდებს “ნეოგლობალისტების მოკავშირეებს”, რომლებიც დასავლურ სტრუქტურებს ემსახურებიან და ამით ეროვნულ სუვერენიტეტს უთხრიან ძირს.
  • ისტვან ჰოლიკი უნგრეთის მმართველ პარტიას წარმოადგენს, ეწინააღმდეგება რუსეთისთვის სანქციების დაწესებას და ხშირად აკრიტიკებს ევროკავშირის ინსტიტუტებს.
  • სახელისუფლებო მედია აღნიშნულ პირებს საერთაშორისო დამკვირვებლებად წარმოაჩენდა და მათ პოზიტიურ შეფასებებს ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით უკრიტიკოდ ავრცელებდა. 

2025 წლის 4 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა , რომელსაც ოფიციალურად 27 ადგილობრივი და 28 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია აკვირდებოდა. წელს პირველად არჩევნებს არ აკვირდებოდა საქართველოში მოქმედი სამი წამყვანი სადამკვირვებლო ორგანიზაცია –  “სამართლიანი არჩევნები“, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“. აღსანიშნავია, რომ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა ასევე უარი თქვა არჩევნების დაკვირვებაზე. ორგანიზაციის განცხადებით, მოწვევა არჩევნებამდე ერთი თვით ნაკლებ დროში მოხდა, რაც შეუძლებელს ხდიდა გამჭვირვალე და სანდო საარჩევნო მონიტორინგის შესაძლებლობას.  

დამკრძალავი ბიუროს ხელმძღვანელი, კონსპიროლოგი, ანტიგლობალისტი – ვინ არიან რეალურად “ოცნების” საერთაშორისო დამკვირვებლები? - სრულად ნახეთ ლინკზე:
 

ფოტო: ივ ალფი ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბეიჯით სასაფლაოზე

მსგავსი სიახლეები