კალაძე ადასტურებს, რომ პუტინის მეგობარ ბიზნესმენს შეხვდა

16.10.25 17:29
კალაძე ადასტურებს, რომ პუტინის მეგობარ ბიზნესმენს შეხვდა

კახა კალაძე რუსეთის ბოქსის ფედერაციის პრეზიდენტთან შეხვედრას ადასტურებს. "პირველებმა" კითხვა დედაქალაქის მერს მას შემდეგ დაუსვა, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ უმარ კრემლიოვი თბილისში იმყოფება. მან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამთავრობო დარბაზის შემოსასვლელით ისარგებლა. 

სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ასევე ჩანს, რომ მას "ქართულმა ოცნების" წარმომადგენლებმა უმასპინძლეს. შეხვედრას ბიზნესმენებიც ესწრებოდნენ. 

"ქართული ოცნების" მერი ამტკიცებს, რომ კაცი, რომელიც რუსული მედიის ცნობით, ვლადიმერ პუტინის შავი ფულის მმართველადაა ცნობილი, საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ მეგობრული ვიზიტით იმყოფებოდა.

მისი თქმით, უმარ კრემლიოვის სავარაუდო შავი საქმეების შესახებ არაფერი იცის. მას შემდეგ კი რაც "TV პირველის" ჟურნალისტმა კალაძეს საჯარო სივრცეში გავრცელებული ცნობები შეახსენა ივანიშვილის გუნდის წევრი გაბრაზდა და კრიტიკულ მედიას თავს დაესხა. 

არაფერი რა ვიცი, უბრალო... უმარი გახლავთ მსოფლიო ბოქსის ასოციაციის  პრეზიდენტი, მე მას დიდი ხანია ვიცნობ და არაფერი საქართველოში იყო ჩამოსული უბრალოდ. 

არაფერი, უბრალოდ მეგობრული ვიზიტი იყო. კი [შევხვდი].

ჟურნალისტი: რუსეთში თავისუფალი მედია წერს, რომ ეს ადამიანი აკონტროლებს ბიზნესს და კრიმინალურ სამყაროს, ადასტურებთ მასთან შეხვედრას?

საერთოდ არ მაინტერესებს თქვენი შეფასებები, არც თქვენი პოლიტიკური შეხედულებები, თქვენ ხართ იქ, სადაც ქართველმა ხალხმა მოგიცინათ ადგილი, ხართ პოლიტიკურ სანაგვეზე და ღმერთმა მოგახმაროთ, გააგრძელეთ ცხოვრება იქ სადაც ხართ და როგორც ხართ," - განაცხადა კალაძემ. 

ფონდ "თავისუფალი რუსეთის" სამხრეთ-კავკასიის ბიუროს დირექტორი, იგორ კურაპტევი დარწმუნებულია, რომ პუტინის მეგობარი ბიზნესმენი კალაძეს "თბილისის მერის ე.წ. შავ სამყაროსთან კავშირების გათვალისწინებით შეხვდა". 

რატომ კალაძე? - ორი პასუხია: პირველი, კალაძე ცნობილია კრიმინალურ სამყაროსთან კავშირებით და ხალხი ვინც ჩამოდის, ისინი კრიმინალურ სამყაროსთან სხვადასხვა ფორმით დაკავშირებულია. ეს შეიძლება იყვნენ კადიროველები, ან პუტინის ხალხი და მეორე, კალაძე არის კარგი საშუალება შენიღბონ ასეთი შეხვედრები. თქვან, აი კალაძეც სპორტსმენია და ისინიც სპორტსმენები არიან ამ შემთხვევაში კალაძეს ეძლევა შანსი უხეშად უპასუხოს ჟურნალისტებს - რა გინდა სპორტსმენია და შევხვდიო," - ამბობს იგორ კურაპტევი. 

"პირველები" დაინტერესდა, იყო თუ არა რუსეთის ბოქსის რუსეთის ბოქსის ფედერაციის პრეზიდენტი საქართველოს კრივის ფედერაციაში შეხვედრაზე. 

კრივის ფედერაციის გენერალური მდივანი, მარიამ დუნდუა "TV პირველთან" სატელეფონო საუბრის დროს ამბობს, რომ ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელი მათთან შეხვედრაზე არ მისულა და მისი თბილისში ყოფნის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. 

არ მაქვს არანაირი ინფორმაცია, პირველად მესმის თქვენგან [ჩამოსული რომ იყო]. არა [არ ყოფილა არანაირი შეხვედრა. არავინ არ ყოფილა რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს კრივის ფედერაციასთან შეხვედრაზე და ეს ინფორმაცია პირველად მესმის თქვენგან," - განაცხადა მარიამ დუნდუამ. 

მსგავსი სიახლეები