დიხამინჯია: 11-წლიანი სკოლის დასრულების შემდეგ მოსწავლეს უცხოეთში სწავლა გაუჭირდება - ბევრ უნივერსიტეტში მის აპლიკაციას საერთოდ არ განიხილავენ

17.10.25 11:03
დიხამინჯია: 11-წლიანი სკოლის დასრულების შემდეგ მოსწავლეს უცხოეთში სწავლა გაუჭირდება - ბევრ უნივერსიტეტში მის აპლიკაციას საერთოდ არ განიხილავენ

პროფესორი ნანა დიხამინჯია მწვავედ აკრიტიკებს იმ მშობლებსა და პედაგოგებს, რომლებიც მე-12 კლასის გაუქმებას მხარს უჭერენ. მისი თქმით, საქართველოს სკოლებში განათლების სტანდარტი ისედაც სუსტია და ასეთ პირობებში კლასის შემცირება კიდევ უფრო დააზარალებს მოსწავლეთა მომზადების დონეს.

დიხამინჯია მიუთითებს, რომ 12-წლიანი სწავლება სწორედ ბოლონიის პროცესთან მიერთების შემდეგ გახდა აუცილებელი, რათა ქართველ აბიტურიენტებს აღიარება ჰქონოდათ უცხოურ უნივერსიტეტებში. მისი შეფასებით, დღეს, როცა ტექნოლოგიური პროგრესი სწრაფად ვითარდება, ახალგაზრდას სჭირდება უფრო ფართო ცოდნა და კრიტიკული აზროვნება - მე-12 კლასის გაუქმება კი ქვეყნის განათლების ხარისხის ჩამოშლას გამოიწვევს. 

გამოვარდა ზოგიერთი მშობელი და ვითომ კეთილმოსურნე - მე-12 კლასში ისედაც არაფერს აკეთებდნენ მოსწავლეები და გასაუქმებელი იყოო.

1 - 11 წლიანი სკოლიდან მოსწავლეს შეუძლია გააგრძელოს სწავლა უცხოურ უნივერსიტეტებში, მაგრამ გაცილებით მეტი ბიუროკრატიული ბარიერებით, ზოგ უნივერსიტეტში საერთოდ არც განიხილავენ მის აპლიკაციას. იმიტომაც გავხადეთ 12 წლიანი სწავლება ბოლონიის პროცესთან შეერთების შემდეგ, რომ ეს ბიუროკრატიული ბარიერები მოხსნილი ყოფილიყო და პირდაპირ ეღიარებინათ ჩვენი სკოლის დიპლომი, ზედმეტი განმარტებების გარეშე.

2 - ცოტა ხნის წინ გვითხრა განათლების სამინისტრომ, სკოლაში საკმარისად კარგად ვერ ვასწავლით ბავშვებს მშობლიურ ენას, ვერც ვუმოწმებთ ცოდნას სათანადოდ და ამიტომ უნივერსიტეტებს დაევალათ ქართული ენის სავალდებულო კურსის შეტანა პროგრამებში. რაღაც ავირიე ლოგიკაში - საკმარისია 11 წელი თუ არაა საკმარისი? თუ მშობლიურ ენასაც ვერ ასწავლი კარგად, როგორაა საკმარისი?

3 - ზრდასრულ ადამიანს ნორმალური ცხოვრებისთვის, თუნდაც საერთოდ არ გააგრძელოს სწავლა უნივერსიტეტში, სჭირდება უფრო და უფრო მეტი განათლება. მას უნდა შეეძლოს სტატისტიკური ინფორმაციის გააზრება, ჰქონდეს საბაზისო წარმოდგენა ბიოლოგიაზე, ფიზიკაზე, ქიმიაზე, სოციოლოგიაზე, ფსიქოლოგიაზე. უნდა შეეძლოს ყალბი ინფორმაციის და პოლიტიკოსების მანიპულაციების ამოცნობა. უნდა ჰქონდეს თვითგანათლების უნარი და იცოდეს ინგლისური საშუალოდ მაინც, რომ შეძლოს მუდმივად განვითარებადი ტექნოლოგიური პროდუქტების დამოუკიდებლად შესწავლა და გამოყენება. 12 წელი არ იყო ამისთვის საკმარისი და 11-ია საკმარისი? "იი, ინტერნეტში ყრია კურსები" - და რატომ ვერ ისწავლე მაშინ დამოუკიდებლად ხელოვნური ინტელექტის ალგორითმები და მაღალი ხელფასი რატომ არ გაქვს? 2% რომ სწავლობს, ეგ ნორმა გგონიათ?

4. "მე-12 კლასში არაფერს არ აკეთებენ" არის სამარცხვინო განცხადება, განსაკუთრებით მშობლის და მასწავლებლის მხრიდან. კი მაგრამ, გძინავთ, თუ ასეა? ქვემოთ გიჩვენებთ საჯარო (!!!) ამერიკულ სკოლაში საგნების არჩევანს იმ მე-10-12 კლასის მოსწავლისთვის, ვინც გაძლიერებულ პროგრამას მიყვება. მოსწავლე საგნებს ირჩევს იმის მიხედვით, თუ რა პროფესიაზე აპირებს სწავლას. მაგალითად, ჩემმა შვილმა მე-10 კლასში გაიარა AP World History, AP Seminar, AP Computer Science.
ახლა გადის AP Biology, AP Calculus, AP Physics, AP Language and Composition, AP US History, Advanced Computer Science. მომავალ წელს კიდევ ხუთი AP კლასი აქვს დაგეგმილი.

კომპიუტერულ მეცნიერებებში სკოლაში ისწავლა პითონი, ჯავა და ალგორითმები. ინჟინერიაში ისწავლა ელექტრონიკა, მიკროელექტრონიკა, ჯგუფურ პროექტში ქუჩის მწმენდი რობოტი შექმნეს.

AP საგნების დიდ ნაწილს ამერიკული უნივერსიტეტები აღიარებენ კრედიტებად, შესაბამისად კალკულუსის, საბაზისო სტატისტიკის თუ კომპიუტერულ მეცნიერებებში შესავლის გავლა აღარ მოუწევს უნივერსიტეტში. ჩვენ ბიზნესის პროგრამებზე შემოგვდის სტუდენტები, რომელთაც წილადების მიმატება არ იციან და მერე კალკულუსს ვურტყამთ თავში.

იმის ნაცვლად, რომ ამ რთულ და ცოდნის სწრაფად ზრდად დროში მოითხოვოთ მეტი შინაარსიანი განათლება, მთლიანად უუქმებთ მე-12 კლასს, ფულს იხდით რეპეტიტორებში 2-3 საგანში და გგონიათ, რომ ამ მწირი ცოდნით წინ წავა ადამიანი.

ამ დროს ქოცნების მაღალჩინოსნებს შვილები დაჰყავთ უძვირეს კერძო სკოლებში, რომლებიც პირდაპირ მიყვებიან ევროპულ და ამერიკულ სტანდარტებს. შეიხედეთ "ევროპულ სკოლაში", მაგალითად, მე-12 კლასი მთლიანად ეთმობა უზარმაზარი პროექტების განხორციელებას.

შეადარეთ და მოითხოვეთ უკეთესი განათლება საკუთარი შვილებისთვის.

edit: აქვე ჩავამატებ - სკოლა, რომლის მასწავლებლები და მშობლები ამბობენ, რომ მე-12 კლასში არ დადიან მოსწავლეები და ისე იღებენ დიპლომს, არღვევს საქართველოს განათლების სტანდარტს და მისი ავტორიზაცია გადასახედია, - წერს დიხამინჯია სოციალურ ქსელში. 

მსგავსი სიახლეები