მე-12 კლასში, თითქმის არ დადიან ბავშვები სკოლაში - ირაკლი კობახიძე

17.10.25 13:01
მე-12 კლასში, თითქმის არ დადიან ბავშვები სკოლაში - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღეს არსებული მდგომარეობა, როცა მე-12 კლასის მოსწავლეები სკოლაში თითქმის არ დადიან, აუცილებლად უნდა შეიცვალოს. მისი თქმით, მიზეზი არის ის, რომ ბოლო კლასების სასწავლო პროგრამა არ შეესაბამება მისაღები გამოცდების მოთხოვნებს, რის გამოც ახალგაზრდები სკოლაში საგაკვეთილო პროცესებს აღარ ესწრებიან.

„მე-12 კლასის საკითხი რომ ავიღოთ, დღეს იცით, რა მდგომარეობაა. პრაქტიკულად, მე-12 კლასში, თითქმის, არ დადიან ბავშვები სკოლაში, რადგან ურჩევნიათ, მოემზადონ მისაღები გამოცდებისთვის. ერთ-ერთი პრობლემა არის ის, რომ საერთოდ არ არის მორგებული ბოლო კლასების სასწავლო პროგრამა მისაღებ გამოცდებზე. ასეთ პირობებში, არ უღირთ მოსწავლეებს სკოლაში სიარული. ეს მდგომარეობა უნდა შეიცვალოს. ნაცვლად იმისა, რომ საერთოდ არ იარონ ბოლო კლასებში მოსწავლეებმა სკოლებში, ჩვენ გვჭირდება ჯანსაღი პროგრამა, რომელიც თავიდან ბოლომდე იქნება მორგებული მოსწავლის ობიექტურ ინტერესებზე,“ - განაცხადა კობახიძემ.

პრემიერის თქმით, განათლების რეფორმაზე მსჯელობისას ყველა საკითხი განიხილება.

„ყველა საკითხზე მზად ვართ მსჯელობისთვის. მთავარია, რომ შედგეს ჯანსაღი დისკუსია თითოეულ თემასთან დაკავშირებით,“ - აღნიშნა მან.

კობახიძემ ასევე თქვა, რომ ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს სტუდენტების განათლების მიღება საკუთარ ქვეყანაში, ხოლო უცხოეთში სწავლის გაგრძელება მხოლოდ სურვილის მიხედვით უნდა ხდებოდეს.

„პირველ რიგში, შევთანხმდეთ ერთ რამეზე, რომ თუ 11 წელი არის სასწავლო პროგრამის გასავლელად საკმარისი, უნდა შემოვიფარგლოთ 11 წლით. თუ 11 წელი საკმარისია, სხვა რამის გამო არ შეიძლება დავამატოთ მე-12 წელი,“ — თქვა "ოცნების" პრემიერმა. 

მისივე თქმით, მთავრობის მიზანია, საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხი ფუნდამენტურად გაუმჯობესდეს და ქართველი სტუდენტები არჩევანს საკუთარ უნივერსიტეტებზე აკეთებდნენ.

„ჩვენ გვინდა, სულ რაღაც რამდენიმე წელიწადში, 3-4 წელიწადში, უკვე თვისებრივად, ფუნდამენტურად ავამაღლოთ უმაღლესი განათლების ხარისხი ჩვენს ქვეყანაში. შესაბამისად, ქართველმა სტუდენტებმა განათლება არსებითად უნდა მიიღონ ჩვენს ქვეყანაში,“ - განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს სურს სწავლა საზღვარგარეთ განაგრძოს, ამისთვის შეიქმნება შესაბამისი პირობები - მათ შორის, შესაძლებელია მე-12 კლასის დამატება სპეციალიზებულ სკოლებში, ან უცხოეთში სწავლების გაგრძელება.

„სასურველი არ არის, რომ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა მოსწავლემ, თუმცა თუ ასეთი სურვილი არსებობს, ამისთვის იქნება შექმნილი ყველანაირი პირობა,“ - აღნიშნა მან. 

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ გუშინ განათლების რეფორმის პრეზენტაცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ სკოლები 11-წლიანი პროგრამით იმუშავებენ, ბაკალავრიატი 3-წლიანი იქნება, ხოლო მაგისტრატურა - 1-წლიანი.
ასევე, დაგეგმილია, რომ თითო ფაკულტეტი მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში ფუნქციონირებდეს და ქვეყნის მეორე უმაღლესი განათლების ცენტრი ქუთაისში შეიქმნას.