კობახიძის მტკიცებით, 4 ოქტომბრის საქმის ფიგურანტები "იმალებოდნენ", ამიტომ სპეცრაზმის ჩართვა გახდა საჭირო

17.10.25 13:49
კობახიძის მტკიცებით, 4 ოქტომბრის საქმის ფიგურანტები "იმალებოდნენ", ამიტომ სპეცრაზმის ჩართვა გახდა საჭირო

„ქართული ოცნების“ პრემიერი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული პირები „იმალებოდნენ“, რის გამოც საჭირო გახდა სპეცრაზმის ჩართვა. 

კობახიძე ასევე გამოეხმაურა ოჯახის წევრების განცხადებას, რომლის მიხედვითაც სიმონ მახარაძის დაკავებისას ბავშვებს იარაღი დაადეს თავზე, და ამ ინფორმაციას „სამარცხვინო ტყუილი“ უწოდა.

„ტყუილებს ნუ იტყვით. 4 წლის ბავშვს თავზე დაადეს იარაღი — ეს არის სამარცხვინო ტყუილი ადამიანები იმალებიან ერთი კვირის განმავლობაში და სპეცრაზმი სჭირდება. როდესაც ამდენი ხნის განმავლობაში იმალებიან ადამიანები, რა თქმა უნდა, სპეცრაზმის ჩართულობა იმისათვის, რომ მოხდეს დაკავება,“ - განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, ხელისუფლება ჯერ კიდევ წინასწარ აფრთხილებდა იმ პირებს, რომლებიც მონაწილეობდნენ ხელისუფლების დამხობის მცდელობაში, რომ „არავის არაფერი შერჩებოდა“.

დღევანდელი დაკავებულების გარდა, 4 ოქტომბრის საქმეზე 41 პირია დაკავებული. მათ შორის რთ-ერთი, გიორგი კირვალიძე პოლიციის განყოფილებაში თავად მივიდა.

„ჩვენ გავაფრთხილეთ ყველა, რომ იდენტიფიცირების საშუალებაც გვქონდა მეტი და არავის არ შერჩებოდა ხელისუფლების დამხობის მცდელობაში მონაწილეობა. ყველა უნდა შეეგუოს იმას, რაც ხდება - სამართალი აღსრულდება თითოეულზე,“ - აღნიშნა მან.

კობახიძემ ასევე დაადასტურა, რომ გამოძიება გრძელდება და შესაძლოა, დაკავებები გაგრძელდეს:

„რამდენიც იქნება დასაკავებელი, იმდენი იქნება დაკავებული. რამდენიც მონაწილეობდა ძალადობრივად დამხობის მცდელობაში, ყველა იქნება დაკავებული,“ - თქვა პრემიერ-მინისტრმა.

17 ოქტომბრის ღამეს დამატებით დაახლოებით 10 ადამიანი დააკავეს. შსს-ს ამ ეტაპზე დეტალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია. აქტივისტების ცნობით, დაკავებულთა შორისაა მარიამ მეყანწიშვილი, მარტოხელა დედა, რომლის სახლშიც სპეცრაზმი იმ დროს შევიდა, როცა ის მშობლებთან და 6 წლის შვილთან ერთად იმყოფებოდა.

მსგავსი სიახლეები