სალომე ზურაბიშვილი: კობახიძის განათლების რეფორმა საქართველოს ევროპული განათლების სისტემიდან გათიშვას ნიშნავს

17.10.25 14:09
სალომე ზურაბიშვილი: კობახიძის განათლების რეფორმა საქართველოს ევროპული განათლების სისტემიდან გათიშვას ნიშნავს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მწვავედ აკრიტიკებს ირაკლი კობახიძის მიერ გამოცხადებულ განათლების რეფორმას და მას ანტიევროპულ ნაბიჯად მიიჩნევს. მისი შეფასებით, რეფორმა, რომელიც გულისხმობს 3+1 მოდელზე გადასვლას და ბოლონიის პროცესის სტანდარტის შეცვლას, საქართველოს აშორებს ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან და საფრთხეს უქმნის ქართველ სტუდენტებს, რომლებიც ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლობენ ან სწავლის გაგრძელებას გეგმავენ.

ზურაბიშვილის თქმით, ეს გადაწყვეტილება ქვეყანას უკარგავს ეკვივალენტურობას და ინტეგრაციას ევროპულ უმაღლეს განათლებასთან. 

კობახიძის გუშინდელი განცხადება განათლების ახალ რეფორმაზე, 2024 წლის 28 ნოემბრის ანტიევროპულ განცხადებას უტოლდება! ამ ჯერზე არამხოლოდ ევროპული პოლიტიკური მომავლისგან, არამედ ევროპული განათლების სისტემისგან გვთიშავს!

3+1-ს უმაღლეს სასწავლო სისტემის ციკლზე გადასვლა (ბოლონიის პროცესის 3+2+3 ს სანაცვლოდ), ამას ნიშნავს!

საქართველო ბოლონიის პროცესიდან გამოდის (რომელშიც გაწევრიანებამ ოცი წლის წინ განაპირობა ქართველი სტუდენტების უმაღლეს ევროპულ სასწავლებლებში მიღება და მათი წარმატება), ეკვივალენტების დაკარგვას, ევროპული უმაღლესი სასწავლო სივრციდან (EHEA) გამოსვლას...

აბა თქვენ იცით! გორელი პედაგოგები აგზავნეთ რუსეთში და თქვენი შვილები კი უძვირეს თბილისის ევროპულ სკოლებში და შემდეგ კერძო ამერიკულ თუ ევროპულ უნივერსიტეტებში!, - ამბობს სალომე ზურაბიშვილი. 

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ გუშინ განათლების რეფორმის პრეზენტაცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ სკოლები 11-წლიანი პროგრამით იმუშავებენ, ბაკალავრიატი 3-წლიანი იქნება, ხოლო მაგისტრატურა - 1-წლიანი.
ასევე, დაგეგმილია, რომ თითო ფაკულტეტი მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში ფუნქციონირებდეს და ქვეყნის მეორე უმაღლესი განათლების ცენტრი ქუთაისში შეიქმნას.  

მსგავსი სიახლეები