UG-ის პასუხი: სამართლებრივად ამ საქმეს არანაირი პერსპექტივა არ აქვს
"სამართლებრივად ამ საქმეს არანაირი პერსპექტივა არ აქვს" - ასე ეხმაურება საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი კონსტანტინე თოფურია ტექნიკური უნივერსიტეტის სარჩელს.
თოფურიას განმარტებით, შენობები, რომლებზეც დავით გურგენიძე საუბრობს, ეკონომიკის სამინისტროს საკუთრება იყო და ისინი „საქართველოს უნივერსიტეტმა“ აუქციონზე შეიძნა. რაც შეეხება შენობის ერთ ლარად შეძენას, საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი ამ განცხადებას "უტუფარ ტყუილს" უწოდებს.
UG-ის რექტორი დარწმუნებულია, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი მტკიცებულებების მხრივ ვერაფერს წარმოადგენს.
რაც შეეხება 1 ლარად შეძენას, ეს არის უტიფარი ტყუილი, რომელიც წლების განმავლობაში მეორდება. ჩვენ არაერთხელ სასამართლოში გავასაჩივრეთ ეს, თუმცა რეაგირება მას არ ჰქონია. ეს ქონებები, თვითონ გურგენიძეც აღიარებს და მისი პრორექტორი კოპალიანიც აღიარებს, რომ იყო რამდენიმე მილიონად შეძენილი თავის დროზე. როცა საუბრობენ, რომ „ტექნიკურ უნივერსიტეტს“ კაპიკი არ მიუღია, ეს ლოგიკურია, წულუკიანმაც განუმარტა, რომ ეკონომიკის სამინისტრომ გაყიდა ეს ქონებები და შესაბამისად, ფული შეუვიდა ეკონომიკის სამინისტროს. ეს ქონებები იყო არა „ტექნიკური უნივერსიტეტის“ საკუთრება, არამედ ეს იყო ეკონომიკის სამინისტროს საკუთრება. ეს იყო დაუმთავრებელი მშენებლობები, აქ არასდროს „ტექნიკური უნივერსიტეტი“ არ ახორციელებდა სასწავლო საქმიანობას, არც კვლევით საქმიანობას. ეს იყო ეკონომიკის სამინისტროს დაუმთავრებელი მშენებლობები, რომლებიც ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე გაყიდა და საქართველოს უნივერსიტეტმა რამდენიმე მილიონად შეიძინა“, -აცხადებს თოფურია.
მისი თქმით, "საქართველოს უნივერსიტეტისთვის" შენობის წართმევის პერსპექტივას ვერ ხედავს.