სტუდენტებს აშორებენ თბილისს - რა მიზანი აქვს "ქართულ ოცნებას"

17.10.25 15:58
სტუდენტებს აშორებენ თბილისს - რა მიზანი აქვს "ქართულ ოცნებას"

„სამ გვერდზე გამოქვეყნებულ „განათლების რეფორმის“ კონცეფციას არაფერი აქვს საერთო რეფორმასთან და გაუმჯობესებასთან“, - ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი სერგი კაპანაძე წერს.

მისი თქმით, "ქართული ოცნება" რეალურად სტუდენტებს აშორებს თბილისს:

„ეტყობა, ახალგაზრდების პროტესტი არ მოსწონთ და უნდათ, რომ რეგიონებში გაყარონ სტუდენტები“.

„ანუ, 6 წლის ბავშვი რომ შევა სკოლაში, 21 წლის იქნება უკვე მაგისტრი. საბაკალავრო თან სამი წელი უნდა იყოს, თან ქართული უნდა ასწავლონ, თან ენები. დათვალეთ 180 კრედიტიდან რამდენი დარჩება რეალურ საგნებზე. თუ საბაკალავრო ნაშრომსაც წერ, ყველაზე მინიმალური საგნები დარჩება გასავლელი“, - დაწერა პროფესორმა. 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი აღნიშნავს, რომ ივანიშვილის გუნდის ამოცანა, ასევე  ფულის დაზოგვაა.

„გაუჭირდათ ეტყობა განათლების დაფინანსება. ბიუჯეტის 25%-ს დაზოგავენ. ითქვა, რომ ეს ნიშნავს, რომ 30 ათასი უნივერსიტეტდამთავრებული უფრო მალე შეუერთდება სამუშაო ბაზარსო. ეს არის უზედაპირულესი განცხადება. თუ ბაზარი ითხოვს მუშახელს, ეგ 30 ათასი კურსდამთავრებული ისედაც არსებობს. არაა საჭირო უნივერსიტეტიდან დროზე ადრე გამოგდება, რომ სამუშაო ადგილები შეავსო.

როგორც ჩანს, აქცენტი იქნება პროფესიულ განათლებაზე. ოღონდ, მიუხედავად იმისა, რომ ეგ კარგი იდეაა, როგორ აიძულებ ადამიანებს, რომ პროფესიულ სასწავლებლებში ჩააბარონ, სრულიად გაუგებარია. უბრალოდ უნივერსიტეტებში დახურავ მისაღებ ადგილებს და სხვა გზას არ მისცემ? ეგ ნიშნავს, რომ წირავ ამ ახალგაზრდებს ისეთ საქმიანობაზე, რაც არ უნდათ

„ალბათ, ვაკეში არსებულ კორპუსებს დაერევიან. პირველ და მეორე კორპუსებს არ შეეხებიან, სავარაუდოდ, მაგრამ მეოთხე, მეექვსე, მეცხრე, ილიაუნის კორპუსები და ა.შ., გაიყიდება. მაგ ფულით აპირებენ სადღაც ქალაქგარეთ კორპუსების აშენებას და იქ სტუდენტების „წასხმას“. რაც მთავარია, დაასამარებენ კონკურენციას უმაღლესი განათლების სფეროში. თუ რამე ზრდის ხარისხს არის კონკურენცია სხვა უნივერსიტეტებთან. თუ ქალაქში ერთი ფაკულტეტი დარჩება, კონკურენცია არ იქნება. ოღონდ ამ ყველაფერს მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუ კერძო უნივერსიტეტებსაც დაერევიან. როგორც ჩანს, საქართველოს უნივერსიტეტი იქნება პირველი. სხვებიც მიჰყვებიან. შეუძლებელია დეკონცენტრირებულმა ფაკულტეტებმა იმუშაოს, თუ კერძოები აგრძელებენ ისევე მუშაობას, როგორც აქამდე. უბრალოდ საუკეთესო სტუდენტები კერძოებში წავლენ და მაშინ მთელ ამ „რეფორმას“ აზრი ეკარგება“, აცხადებს კაპანაძე და დასძენს, რომ  რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია მიუღებელი, განსხვავებული აზრის მქონე პროფესორებისა და ლექტორების დევნაა: „განათლების სისტემას ამგვარად ძალიან დააშორებენ ბოლონიის პრინციპებს. 11-კლასიანი სკოლა არ ჯდება ბოლონიის კონცეფციაში. პირველი კურსიდან სტუდენტები ვეღარ წავლენ უცხოეთში სწავლის გასაგრძელებლად. ამაშიც პლუსი აქვთ ნანახი — აქ დატოვებენ ბავშვებს, რომ აქაური იდეოლოგიზებული სწავლების მსხვერპლი გახადონ რაც შეიძლება მეტი ადამიანი. ამასთან, გარეთ წასული სტუდენტებისთვის აქედან გასული გადასახადებიც დაეზოგებათ და ქვეყანაში დარჩება. როცა ფული შემოაკლდათ, ამ ზომაზეც მიდიან. ყველა ის არგუმენტი, რომ მეთორმეტე კლასში მაინც არაფერს აკეთებენ ბავშვებიო, უბრალოდ რეალობას აცდენილია. ეგრე, არც მე-11 კლასში გააკეთებენ არაფერს. ყველა ბოლო წელი ეგეთია ქართულ რეალობაში. მაგას სხვა პრობლემა აქვს სათავეში, რომელი სხვა განხილვის საგანია“, — აცხადებს კაპანაძე და დასძენს, რომ ჯამში მიიღებენ ძალიან არეულ, პოლიტიზებულ, კონკურენციამოკლულ უმაღლეს განათლებას, როგორიც ავტორიტარულ ხელისუფლებას ყველაზე მეტად აწყობს.